ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

21 აპრილი, 2016 • 938
დავით უსუფაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

დღეს, 21 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ჩუნგ უი ჰვას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ  საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, კორეა საქართველოს მხარდამჭერია და საქართველო ყოველთვის გრძნობს ამ მხარდაჭერას:

“კორეა ეკონომიკის სიძლიერით არის აზიის მეოთხე სახელმწიფო, კორეა არის ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშე ძალიან ბევრი მიმართულებით და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ჩვენ მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის ვიბრძვით. ორივე ქვეყანას გვაქვს სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ საზღვრებთან. ჩვენ ვართ სოლიდარულები კორეელი ხალხის პრობლემების გადწყვეტაში. კორეა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდამჭერი და ჩვენ საერთაშორისო დონეზე ყოველთვის ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

ჩუნგ უი ჰვას თქმით, საქართველო და კორეა მსოფლიო მშვიდობას შეუწყობენ ხელს:

“მართლაც, საქართველო არის ღვთის საჩუქარი და წილხვედრი ქვეყანა. ნამდვილად მოუთმენლად ველოდები, რომ საქართველო და კორეა ერთობლივად იმუშავებენ სხვადასხვა სფეროში და მშვიდობას შეუწყობენ ხელს. საქართველომ შეინარჩუნა თავისი მშვენიერი ლანდშაფტი, მშვენიერი ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც მთელი სამყაროს ყურადღება იქნება მიპყრობილი და სამაგალითო გახდება”.

მისივე თქმით, კორეამ ინდუსტრიალიზაციას და დემოკრატიზაციას დროის მოკლე პერიოდში სხვების დახმარებით მიაღწია და ახლა მზად არის ეს გამოცდილება სხვას გაუზიაროს:

“კორეა შეეცდება, რა დახმარებაც მან მიიღო, სხვებს გადაუნაწილოს. სხვა ქვეყნების დახმარებით მივაღწიეთ ასეთ წარმატებას და გვინდა ახლა ჩვენ სხვა ქვეყნებს გავუწოდოთ მეგობრობის ხელი. ჩვენი პარლამენტების თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებები. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყნებს, რომლებიც ერთად მუშობენ და იმუშავებენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ელექტრონული პარლამენტის სფეროში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი