ახალი ამბები

სერგეენკო: ჯანდაცვა არ არის პრივილეგია, ჯანდაცვა ადამიანის უფლებაა

20 აპრილი, 2016 • 1565
სერგეენკო: ჯანდაცვა არ არის პრივილეგია, ჯანდაცვა ადამიანის უფლებაა

“ჯანდაცვა არ არის პრივილეგია, ჯანდაცვა [ადამიანის] უფლებაა,” – ეს განცხადება დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიგი წერეთლის  საპასუხოდ გააკეთა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი წერეთელმა მინისტრს შემდეგი კითხვით მიმართა:

” ამოცანა ხომ არ არის, მხოლოდ  სიტყვა გავისროლოთ და ვთქვათ, რომ რეფორმას ვატარებთ? მთავარი არის, როგორ იცვლება მოსახლეობის მდგომარეობა. საკმარისია თუ არა ის თანხები, რაც დღეს გაქვთ და აპირებთ თუ არა გაზრდას? ასევე, მედიკამენტების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ თქვენი ხელისუფლებისგან, რომ პროგრამაში იქნება წამლის კომპონენტი. მოსახლეობას არ აქვს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენის საშუალება, ამ მიმართულებით რას აპირებთ, ” – იკითხა წერეთელმა.

სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვაში დახარჯული თანხა გრძელვადიანი, პირდაპირი ინვესტიციაა:

“თანამედროვე ჯანდაცვის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია, რომ ჯანდაცვაში დახარჯული თანხა არ არის “გასროლილი”, არამედ ეს არის პირდაპირი, ხანგრძლივვადიანი ინვესტიცია ეკონომიკაში. ცალსახად დადასტურებულია, რომ ჯანდაცვა ვინმეს პრივილეგია არ არის, მდიდარის, ღარიბის, ახალგაზრდის ან ხანდაზმულის, არამედ ეს არის უფლება.”

სერგეენკოს თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა:

“ჩვენი ამოცანა არის, რომ მოსახლეობას მედიკამენტებთან მიწვდომადობა გაეზარდოს.  ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არ არის, რომ რომელიმე ფარმაკომპანიას გაუწიოს ლობირება, ან დაჩაგროს. სახელმწიფოს თეორიულად სამი ინსტრუმენტის გამოყენება შეეძლო იმისათვის, რომ მედიკამენტების წილად ესოდენ მაღალი დანახარჯი, ეს მიუღებელი პარიტეტი რაღაცნაირად დაებალანსებინა.

პირველი- ეს არის, რომ სახელმწიფოს შეეძლო, რომ კერძო ინდუსტრიისათვის მოგების რაიმე ზღვარი დაეწესებინა, და საქართველოში ფარმაინდუსტრიის  100% არის კერძო.  მეორე არის ის, რომ სახელმწიფოს შეეძლო წამლებზე სუბსიდირება გაეკეთებინა და ნაწილობრივ ამას აკეთებს. 21 სახელმწიფო პროგრამა არსებობს და გარკვეულ დაავადებებზე ფარავს საფასურს. მესამე იყო, რომ სახელმწიფოს ორი რამის უზრუნველყოფა მოეხდინა –  დაეწესებინა მოთხოვნები მედიკამენტების ხარისხზე და დაეწესებინა ისეთი რეგულაციები და შეექმნა ისეთი გარემო, რაც უზრუნველყოფდა კონკურენციას. ჩვენ ეს მესამე გზა ავირჩიეთ.”

სერგეენკოს მტკიცებით, ბოლო ორ თვეში მედიკამენტებზე ფასები მცირდება:

“წინა თვეებში იყო ზრდა, მაგრამ ბოლო 2 თვის განმავლობაშ, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების შემცირების გამოხატული ტენდეცია გვაქვს, საშუალოდ ეს არის 20-23 პროცენტი. ვფიქრობ, რომ ჩვენი არჩეული პოლიტიკა სწორია. ”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი