ახალი ამბები

თინა ხიდაშელს ჯარში სავალდებულო გაწვევის სისტემის გაუქმება 2017 წლიდან სურს

20 აპრილი, 2016 • 1693
თინა ხიდაშელს ჯარში სავალდებულო გაწვევის სისტემის გაუქმება 2017 წლიდან სურს

“ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ასეთია. თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, ბუნებრივია, რომ  ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული,”- ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთრში გააკეთა.

მინისტრის თქმით, ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემა გაცილებით ეფექტურია:

“თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩემი პირველი მოსმენის დროს ვთქვი, რომ ჯარში სავალდებულო გაწვევას გავაუქმებდით. თავდაცვის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამას ახლა სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით პროცესი მთავრდება და ჩვენი ამოცანაა, რომ 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემის ამოქმედება დავიწყოთ. ეს სისტემა ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურია და გაცილებით მაღალი შედეგის მომტანია,”- აღნიშნა ხიდაშელმა.

უცნობია, როგორია პარლამენტის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, თუმცა მიმდინარე წლის 3 მარტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებდა. კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება შს სამინისტროს წარმომადგენლის არგუმენტის გაზიარების შედეგად მიიღო, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ უწყებას სტრატეგიული ობიექტების დასაცავად საკმარისი ფინანსები არ გააჩნდა. ამ ობიექტებს ამჟამად სვალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები  იცავენ. თინა ხიდაშელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ უსაუბრია, რა გავლენას მოახდენს სავალდებულო სამსახურის გაუქმება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი