ახალი ამბები

სასამართლომ სპეციფიკურ საწარმოებში 48-საათიანი სამუშაო კვირა კონსტიტუციურად ცნო

19 აპრილი, 2016 • 2504
სასამართლომ სპეციფიკურ საწარმოებში 48-საათიანი სამუშაო კვირა კონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების,  ილია ლეჟავას და ლევან როსტომაშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში 48-საათიანი სამუშაო კვირის არსებობა კონსტიტუციურად მიიჩნია.

“რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისა” და “პროფკავშირების”  მიერ ერთობლივად მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისს მიმართეს. მოსარჩელეებმა საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შეცვლას მოითხოვეს.

შრომის კოდექსის ამ მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს გამოცემული დადგენილების [სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ] თანახმად,  სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ,,სეკ 001-2004 “ეკონომიკური საქმიანობის სახეების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით განსაზღვრული ეროვნული ეკონომიკის შემდეგი დარგები:

ა) სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა;

ბ) თევზჭერა, მეთევზეობა;

გ) სამთომოპოვებითი მრეწველობა;

დ) ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება;

ე) ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება;

ვ) ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა;

ზ) კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება;

თ) ქიმიური წარმოება;

ი) დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება;

კ) მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება;

ლ) ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;

მ) მშენებლობა;

ნ) ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;

ო) სასტუმროები და რესტორნები;

პ) ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა;

ჟ) ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;

რ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ ქვეკლასებში:

რ.ა) ქვეკლასი 75.11.3 – საგადასახადო სისტემის მართვა და ზედამხედველობა;

რ.ბ) ქვეკლასი 75.11.4 – საბაჟოს მართვა;

რ.გ) ქვეკლასი 75.12.0 – სოციალური პროგრამების მართვა;

რ.დ) ქვეკლასი 75.23.3 – სასჯელის სისრულეში მოყვანის სისტემის საქმიანობა;

რ.ე) ქვეკლასი 75.25.0 – საქმიანობა სამოქალაქო თავდაცვის დარგში;

რ.ვ) ქვეკლასი 75.30.0 – სავალდებულო სოციალური დაზღვევა;

ს) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება;

ტ) კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

ა) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში,  სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარმოდგენას;

გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას;

გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას;

გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას;

გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას;

დ) ზოგადი განათლება;

ე) პროფესიული განათლება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი