ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში ფრანსუა ოლანდს შეხვდება

19 აპრილი, 2016 • 1255
გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში ფრანსუა ოლანდს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ოფიციალური ვიზიტით  საფრანგეთს 20 აპრილს ეწვევიან, რომლის მიზანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს “ინვალიდების სასახლეში” შეხვდება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. პრეზიდენტი ასევე შეხვდება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერს,  „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორ ირინა ბოკოვას.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI  საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და შეკითხვებს უპასუხებს. პრეზიდენტი და პირველ ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებასაც დაესწრებიან. პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას დაათვალიერებს, ლევილის ქართულ მამულს ეწვევა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებსაც შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა,  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი