ახალი ამბები

ტურიზმის ადმინისტრაცია: ჩინელი ტურისტებისათვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება

18 აპრილი, 2016 • 1720
ტურიზმის ადმინისტრაცია: ჩინელი ტურისტებისათვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება

“ჩინელი ტურისტებისათვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება”, – ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე პეკინში ჩინელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ კონსულტაციები საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას.

ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლიძინ ტაომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისაკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით”, – ნათქვამია ტურიზმის განცხადებაში.

საქართველო ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დანერგვის საკითხზეც. 2011 წლის 9 ივნისიდან დაინიშნა პირდაპირი ავიარეისი თბილისი-ურუმჩის მიმართულებით. 2012 წლის თებერვლიდან ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მიანიჭა „ტურიზმისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსი“ (Approved Destination Status), რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, “ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი