ახალი ამბები

აუდიტორია 115 პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

16 აპრილი, 2016 • 1447
აუდიტორია 115 პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

“აუდიტორია 115”-ის წევრებმა საკუთრი მოთხოვნები თსუ-ის მეექვსე კორპუსის კარზე გააკრეს. მათ ნაწილს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი კვლავ პიკეტირებული აქვს.

სტუდენტური მოძრაობის წევრები კვლავ ითხოვენ სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას. მათი თქმით, უნვიერსიტეტებში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. “აუდიტორია 115”-ის მოთხოვნებს შორისაა რექტორისა და აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის ცვლილებაც. გარდა ამისა, სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და ე.წ ОДР-ების საკითხის გამოძიებას ითხოვენ.

"აუდიტორია 155-ის" წევრი ლევან ლორთქიფანიძე წერს სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“აუდიტორია 155-ის” წევრი ლევან ლორთქიფანიძე წერს სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს 16.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“განათლების სამინისტრომ ადეკვატურად ვერ აღიქვა ჩვენი პროტესტი. ისინი მუშაობენ დროის გაწელვაზე. სამინისტროს არ აქვს არანაირი გეგმა ხარისხის გასაზრდელად. არავინ საუბრობს ე.წ ОДР-ების თემაზე. შესაბამისად, ეს ქმედება გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ ვინმე განათლების სისტემაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრი მოვიდეს 115-ში და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს თუნდაც ერთ საკითხზე” – ამბობს “აუდიტორია 115”-ის წევრი ლევან ლორთქიფანიძე.

პრემიერ-მინისტრთან სტუდენტებს რამდენიმე საკითხზე სურთ საუბარი. მათ შორისაა: არის თუ არა მმართველი ძალა მზად საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელებისთვის, გატარდება თუ არა განათლების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რა იგეგმება უნვიერსიტეტებში სწავლების ხარისხის გასაზრდელად და გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტების დაფინანსება.

თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში დაარსებული სტუდენტური მოძრაობის, “აუდიტორია 115”-ის წევრებმა 16 აპრილს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. მოძრაობის წევრები განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.

შენობა პიკეტირებულია – მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარი შიგნიდან მაგიდებით არის ჩახერგილი. ამ დროისთვის შენობაში აუდიტორია 115-ის 20-მდე წევრი იმყოფება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი