ახალი ამბები

საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყება

15 აპრილი, 2016 • 4573
საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა დაიწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

როგორც სამინისტრო აცხადებს, აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის  განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან,  თეოდოსიოს პელეგრინისგან.

ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

“ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას,  ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად,”- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით,  საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბერძნულ მხარესთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი