ახალი ამბები

არჩევნები: თუკი მთავრობა კვლავ არ დაეთანხმება პრეზიდენტს, ავტომატურად დაირღვევა კონსტიტუცია

14 აპრილი, 2016 • 1216
არჩევნები: თუკი მთავრობა კვლავ არ დაეთანხმება  პრეზიდენტს, ავტომატურად დაირღვევა კონსტიტუცია

თუკი მთავრობა კვლავ არ დაეთანხმება პრეზიდენტის მიერ კონტრასიგნაციისთვის გადაგზავნილ სამართლებრივ აქტებს არჩევნების დანიშვნის შესახებ, ავტომატურად დაირღვევა კონსტიტუცია.

ასეთ განმარტებას “ნეტგაზეთთან” საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.

საქართველოს მთავრობამ 14 აპრილს უკან დაუბრუნა პრეზიდენტს კონტრასიგნაციისთვის გადაცემულ სამართლებრივი აქტები არჩევნების დანიშვნის შესახებ და განაცხადა, რომ სასურველია არჩევნების შესახებ სამართლებრივი აქტები 2016 წლის 8 ივლისისთვის გამოიცეს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა მთავრობას და განაცხადა, რომ არჩევნების შესახებ განკარგულებას არა ივლისში, რაც იყო მთავრობის რეკომენდაცია, არამედ მაისში გამოსცემს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმი არჩევნებამდე [8 ოქტომბერი] არა სამი თვით ადრე, რაც არის მთავრობის რეკომენდაცია, არამედ ხუთი თვით ადრე ამოქმედდება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა მეორედაც არ დაეთანხმება პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ სამართლებრივ აქტებს არჩევნების დანიშვნის შესახებ?

“ნეტგაზეთის” ამ შეკითხვაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი  პასუხობს, რომ ეს ქვეყანაში დიდ კრიზისს გამოიწვევს და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ-მინისტრს.

მისი განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, თუკი მთავრობა მეორედაც არ დაეთანხმება პრეზიდენტის მიერ კონტრასიგნაციისთვის გაგზავნილ სამართლებრივ აქტებს, პრეზიდენტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აღარ ექნება არჩევნების დანიშვნის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ოქტომბერში ვეღარ ჩატარდება.

თუმცა, ანა ნაცვლიშვილი თქმით, ეს კონსტიტუციის ავტომატურ დარღვევას გამოიწვევს, რადგან კონსტიტუციით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

“ეს არის ის, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ყველამ. ახლა რაც მოგიყევით, თუ ეს სცენარი განვითარდება, ძალიან სერიოზული კრიზისს გამოიწვევს და ავტომატურად დაირღვევა კონსტიტუცია”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

ის არჩევნების დანიშვნის მთელ ამ პროცესში პასუხისმგებლობას როგორც პრემიერს, ისე პრეზიდენტს აკისრებს:

“მთელ ამ პროცესში პასუხისმგებლობა არ ეკისრება ან მარტო პრემიერს, ან მარტო პრეზიდენტს. ორივეს ეკისრება პასუხისმგებლობა პირველივე მომენტიდან და მათი პასუხისმგებლობაა როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციონალური, რომ ეს კრიზისი აარიდონ ქვეყანას და კონსტრუქციული, სასწრაფო მოლაპარაკებები უნდა იყოს ამ საკითხზე. სხვა შემთხვევაში შეიქმნება კრიზისი და ვარღვევთ კონსტიტუციას”.

5 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.

მან მეორე დღესვე გაუგზავნა მთავრობას სამართლებრივი აქტები საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისთვის.

მოგვიანებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება ძალაში არჩევნებამდე ორი თვით ადრე, 8 აგვისტოს შევიდოდა.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამართელბრივ შეუსაბამობაზე გაავრცელეს განცხადება, რადგანაც საარჩევნო კოდექსით საარჩევნო კამპანია არჩევნების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. მთავრობამ კი განაცხადა, რომ შეუძლებელია, ქვეყანამ 8 თვე საარჩევნო რეჟიმის პირობებში იცხოვროს, ეს ბიუჯეტსაც დააზარალებს.

საიამ მაშინ განაცხადა, რომ მთავრობას უკან უნდა დაებრუნებინა კონტრასიგნაციისთვის გაგზავნილი აქტები მოტივირებული შენიშვნებით. სწორედ დღეს, 14 აპრილს  განაცხადა მთავრობამ, რომ დოკუმენტებს პრეზიდენტს უკან უბრუნებს.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუკი მთავრობა ამას არ გააკეთებდა, ავტომატურად ჩაირთვებოდა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმი.

მისი თქმით, მთელმა ამ პროცესმა გამოაჩინა, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები “გარკვეულწილად ნაჩქარევი და არასათანადოდ მომზადებული იყო”:

“როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ფიგურები, მათ აქვთ ვალდებულება, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჯეროვნად შეამოწმონ ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობა და შესაბამისობა კანონთან. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ნაწილში დავინახეთ, რომ წინასწარი შემოწმება კანონთან  არ მომხდარა, ან არასათანადოდ მოხდა. სწორედ ამან გამოიწვია ბუნდოვანება და ის არასასურველი ფონი, რომელიც ამ საკითხის მიმართ დღეს უკვე შეიქმნა, და ეს არის ფაქტი”.

ანა ნაცვლიშვილი საუბრობს როგორც მთავრობის, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე:

 

“ბუნებრივია, ისინი [პრემიერი და პრეზიდენტი] არ არიან ვალდებული, რომ ზეპირად იცოდნენ კანონმდებლობა, თუმცა უნდა გადაამოწმონ შესაბამის პიროვნებებთან, მრჩევლებთან [ ადმინისტრაციებში]. 

ანა ნაცვლიშვილი 14 აპრილს გაკეთებული განცხადებების შემდეგ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

” კონსტრუქციული ურთიერთობის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა მოქმედ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, იმედი მაქვს, რომ აღარ დაბრუნდება ძველ ფორმატში.  ძალიან არაკონსტრუციული იყო ძველი პრემიერის პირობებში პრეზიდენტის და პრემიერის ურთიერთობა და ესეც იყო ძალიან დამაზიანებელი და შემაფერხებელი ქვეყნის იმიჯისთვის და აფერხებდა კიდეც”.

ნაცვლიშვილი პრეზიდენტს და პრემიერს არჩევნების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი