სტუდენტებმა თსუ-ის მაღლივ კორპუსთან მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათავო ოფისის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ.
სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” -ის წევრები ფიქრობენ, რომ მშენებლობზე ნებართვა კანონის დარღვევით გაიცა: – „თავდაპირველად ამ ტერიტორიას ჰქონდა რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი, რომელიც კრძალავს აქ მშენებლობის დაწყებას. მოხდა სტატუსის ცვლილება და ეს ადგილი რეკრეაციულ ზონა 2-ს მიაკუთვნეს, რაც სპეციალური შეთანხმების საფუძველზე მშენებლობას ნებადართულს ხდის“ – ამბობს “აუდიტორია 115″-ის წევრი ირაკლი კუპრაძე.

მისი თქმით, ახალი სტატუსი ითვალისწინებს მშენებლობის დაშვებას მხოლოდ სპეციალური საჭიროებების არსებობის შემთხვევაში. კუპრაძის აზრით, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათავო ოფისის მშენებლობა არაა სპეციალური საჭიროება და ეს პროექტი საფრთხეს უქმნის საუნივერსიტეტო სივრცის სამომავლო განვითარების პერსპექტივას. სტუდენტები ფიქრობენ, რომ მწვანე საფარის განადგურებით შეილახა საზოგადოებრივი ინტერესიც.

თსუ-ის მაღლივ კორპუსთან შეკრებილმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც მათი ინფორმაციით თბილისის მერი, დავით ნარმანია იმყოფებოდა. „აუდიტორია 115”-ის წევრებმა თბილისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, რასაც ნარმანიას პირადი დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა აუდიტორიაში გადაინაცვლეს, სადაც დავით ნარმანიასთან შეხვედრა შედგა.
სტუდენტებმა მერს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ნარმანიამ აქციის მონაწილეებს საკითხის შესასწავლად ერთკვირიანი ვადა სთხოვა, საკითხში გარკვევამდე კი სამშენებლო სამუშაოების შეჩერების პირობა მისცა.

დავით ნარმანია "აუდიტორია 115-ის" წევრებს შეხვდა 13.04.2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

დავით ნარმანია “აუდიტორია 115-ის” წევრებს შეხვდა 13.04.2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

„მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყება სასწრაფოდ კონსულტაციები და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება პროექტის სხვა ტერიტორიაზე განხორციელება. საუნვიერსიტეტო სივრცე გამოყენებული უნდა იქნას უნვიერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და როდესაც სახელმწიფო მოიცლის განათლებისთვის, ისე არ უნდა აღმოჩნდეს, რომ უნვიერსიტეტს ლარბორატორიებისა და სხვა დაწესებულებების ასაშენებლად ადგილი აღარ დარჩეს,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი არობელიძე. არობელიძის თქმით, „აუდიტორია 115“ დაელოდება ერთკვირიანი ვადის გასვლას და ამის შემდეგ დასახავენ სამოქმედო გეგმას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.