ახალი ამბები

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხივე წევრი აირჩია

13 აპრილი, 2016 • 2488
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხივე წევრი აირჩია

დღეს, 13 აპრილს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილი კანდიდატები აირჩია. თითოეული მათგანის დასამტკიცებლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 ხმა იყო საჭირო.

სხდომის დაწყებამდე ფრაქცია  “ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკითხი საკამათო თემების ნუსხიდან უნდა მოიხსნას:

“ბორდის თემა საკამათო და საკონფლიქტო თემებიდან უნდა მოიხსნას.  ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელია და, რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბორდი ჩამოყალიბდება და სრულფასოვანი იქნება. აქედან გამომდინარე შევთანხმდით, რომ ყველა კანდიდატს, ვისი წარმოდგენილიც არ უნდა იყოს, იმედი მაქვს, მხარს დავუჭერთ პარლამენტის ყველა წევრი.”

დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ერთხმად აირჩიეს:

ირინა ფუტკარაძე,  საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატი-   104 ხმით არც ერთის წინააღმდეგ;

გიორგი ნიჟარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილი კანდიდატი -108 ხმით არც ერთის წინააღმდეგ;

სულხან სალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილი – 104 ხმით არც ერთის წინააღმდეგ;

ირაკლი პაპავა – საპარლამენტო უმრავლესობის  წარადგენილი –  104 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, კანონიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი 6 წლით აირჩიეს, ხოლო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ერთი 4 წლით არის არჩეული, ხოლო მეორე- ექვსი წლით:

“მათ შორის რომელია ოთხი წლით და რომელი ექვსი წლით, ეს წილისყრით გაირკვევა.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი