ახალი ამბები

გიორგი ვაშაძისა და მანანა კობახიძის დაპირისპირება [ვიდეო]

13 აპრილი, 2016 • 1378
გიორგი ვაშაძისა და მანანა კობახიძის დაპირისპირება [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მანანა კობახიძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი განცხადებებისთვის გამოყოფილი დრო გახდა. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვდა, რომ განცხადებებისთვის 1 საათი გამოყოფილიყო, რასაც სხდომის წამყვანი მანანა კობახიძე არ დაეთანხმა:

” ამით განცხადებებისთვის გამოყოფილი ნახევარი საათი ამოიწურა. სამწუხაროდ, დროს ვერ გავაგრძელებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ [საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ] კანონპროექტის განხილვისთვის საჭირო დროდან გამომდინარე განვსაზღვრავდით, კიდევ ნახევარ საათს გამოვყოფდით თუ არა განცხადებებისთვის. საკმაოდ დიდი დრო წაიღო ამ კანონპროექტმა და მე მაქვს უფლება, მივიღო გადაწყვეტილება, რომ ნახევარი საათით განისაზღვროს ეს დრო. კენჭისყრები გვაქვს ჩასატარებელი, მთავრობის კანონპროექტია გამოსატანი, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია და ასე შემდეგ,”- განაცხადა კობახიძემ.

ამ გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმცირესობის უკმაყოფილება გამოიწვია. გიორგი ვაშაძის თქმით, ბოლო ორი სესიის ჩავარდნის გამო დეპუტატებს განცხადებების გაკეთების საშუალება არ მისცემიათ:

“გთავაზობთ, რომ ხვალაც ჩავატაროთ სესია და დღეს სხდომა გავაგრძელოთ განცხადებების კეთების რეჟიმში. ბოლო ორი სესია კვორუმის პრობლემის გამო ჩავარდა და განცხადებების გაკეთების საშუალება არ მოგვეცა პარლამენტში. ხვალაც ჩავატაროთ სხდომა და ყველაფერს მოვასწრებთ, დღეს კი გავაგრძელოთ განცხადებების გაკეთება,”- აღნიშნა ვაშაძემ.

 

მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომა კანონპროექტის განხილვის რეჟიმში გაგრძელდებოდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს სხდომაზე კანონპროექტის გამოტანის საშუალება არ მისცეს.

მანანა კობახიძე იძულებული გახდა, სხდომის გაგრძელების ფორმატის შესახებ ელექტრონული კენჭისყრა ჩაეტარებინა. შედეგად, 38 ხმით 29-ის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სხდომა განცხადებების გაკეთების ფორმატში გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი