გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმენი 13 აპრილს თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ფელტმენმა საქართვველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე მათ გაეროს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტიც განიხილეს, რომელიც მიმდინარე თვეში შედგება.
“მისი [ფელტმენის] ჩამოსვლა საქართველოში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის გაეროს პოლიტიკურ საკთხებს განაგებს მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოს მდგომარეობაზე ისაუბრეს:
“გაეროს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო ყველაზე უფრო საგრძნობი”.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჯეფრი ფელტმენის ეს ვიზიტი იმიტომაც შედგა, რომ მზადდება გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ვიზიტი საქართველოში:
“ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის, ეს იქნება დიდი მხარდაჭერა მსოფლიო საზოგადოების მხრიდან იმიტომ, რომ საქარველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი ეფუძნება სწორედ გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს, გაეროს, როგორც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ურყევ პოზიციას ჩვენი ტერიტორული მთლიანობის თაობაზე და ეს ვიზიტიც ემსახურება ზუსტად ამ თემას. იმიტომ, რომ რეგიონში გართულებულ ვითარებაში გაეროს ამით სურს გამოხატოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ”, – თქვა დავით უსუფაშვილმა.