ახალი ამბები

სერბეთსა და კოსოვოს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება გაუქმდა

30 სექტემბერი, 2011 • 1048
სერბეთსა და კოსოვოს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება გაუქმდა

სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროკაშირის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკების მეშვიდე რაუნდი გაუქმდა. ამის მიზეზი 27 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოს სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მომხდარი შეტაკება გახდა.

როგორც BBC იტყობინება, შეტაკების დროს 16 ეთნიკური სერბი და ნატოს ოთხი სამშვიდობო დაშავდა. ნატოს  სარდლობის განცხადებით, სამხედროები იძულებული გახდნენ, ცეცხლი მას შემდეგ გაეხსნათ, რაც რამდენიმე დემონსტრანტი თავს დაესხა ნატოს მშვიდობისდამცველებს.

სერბეთი ნატოს ქმედებებს „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება მანამ, სანამ ჩრდილოეთ კოსოვოს საზღვარზე სიტუაცია არ მოგვარდება.

შეტაკების მიზეზი სერბების მხრიდან ჩრდილოეთ კოსოვოს სასაზღვრო პოსტზე ჩარევა გახდა. შეტაკების შედეგად კოსოვოელებმა საზღვარზე ბარიკადები ააგეს.

ევროკავშირი მხარეებს ბარიკადების მოხსნისაკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები აღდგება.

ევროკავშირის დელეგატის, რობერტ კუპერის განცხადებით, ბრიუსელში დანიშნული შეხვედრა არ შედგა იმის გამო, რომ სერბეთის დელეგაცია არ იყო მზად დისკუსიის გასაგრძელებლად.

„მოლაპარაკებები გაგარძელდება მაშინ, როდესაც სერბეთის მხარე მზად იქნება დიალოგის გასაგრძელებლად“- დასძინა მან.

სერბეთი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდება.  თუმცა, ამავე დროს კოსოვოს საკუთარ ტერიტორიად თვლის და უარს ამბობს აღიაროს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

მას შემდეგ, რაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პირველად 2011 წლის მარტში, ევროკავშირის ეგიდით  კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკება დაიწყო.

კოსოვოს დამოუკიდებლობა ათობით ქვეყანას აქვს აღიარებული – მათ შორის, აშშ-სა და ევროკავშირის წევრთა უმეტესობას. რუსეთი და ჩინეთი კოსოვოს დამოუკიდებლად ცნობაზე უარს აცხადებენ. რუსეთი, სერბეთის ტრადიციული მოკავშირე, ასევე ეწინააღმდეგებოდა ნატოს ჩარევას კოსოვოს საკითხებში 1999 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი