ახალი ამბები

ბერძენიშვილი NDI-ს კვლევაზე: ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით არსებითი ხასიათის ცვლილება არ არის

11 აპრილი, 2016 • 1183
ბერძენიშვილი NDI-ს კვლევაზე: ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით არსებითი ხასიათის ცვლილება არ არის

“საქართველოში ამომრჩეველთა განწყობები არის ევროპის და ნატოს სასარეგბლოდ. ეს NDI-ს ამ კვლევებმაც დაადასტურა. სრულიად მკაფიოა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის დემოკრატიული, ევროპული ევროატლანტიკური არჩევანი,” – ეს განცხადება “რესპუბლიკური” პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას გააკეთა.

დავით ბერძენიშვილის თქმით,  რესპოდენტები ყველა კვლევაში არიან პრეტენზიულები და ყველა კვლევაში ჩანს, რომ ხალხი არის ოპტიმისტი. მისივე აზრით, ბოლო წლების მანძილზე ეკონომიკური თვალსაზრისით მოსახლეობაში არსებითი ხასიათის ცვლილება არ მომხდარა:

“მოსახლეობის ნახევარზე მეტი სხვადასხვა კითხვაზე პასუხით ამბობს, რომ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ზოგის ოდნავ გაუმჯობესდა, ზოგის გაუარესდა, მაგრამ უმრავლესობის მდგომერეობა იგივეა. ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატურად ასახავს შექმნილ ვითარებას, ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით რაიმე არსებითი ხასიათის ცვლილება არ არის, მაგრამ თავისუფლების, დემოკრატიის, ინსტიტუტების თვალსაზრისით ცვლილება არის შესამჩნევად უკეთესობისკენ.”

NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 66% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, საიდანაც 26% მიიჩნევს, რომ საქართველოს კონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია.

ამავე კვლევის შედეგებით,  გამოკითხულთა 96 პროცენტის აზრით ლარის კურსის ცვლილებამ დოლარის მიმართ მოსახლეობაზე ნეგატიური გავლენა იქონია. მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებს მათ ოჯახებზე გავლენა არ მოუხდენია.

გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს ევროპის კავშირთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ხოლო 68%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. 2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 80%-ისთვის მისაღები იყო ნატოს წევრობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი