ახალი ამბები

ვაშაძის აზრით, ნატოს წევრობის მომხრეთა კლება რუსული პროპაგანდის შედეგიცაა

11 აპრილი, 2016 •
ვაშაძის აზრით, ნატოს წევრობის მომხრეთა კლება რუსული პროპაგანდის შედეგიცაა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერთა კლებას ნაწილობრივ რუსულ პროპაგანდას უკავშირებს:

“ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. გარდა ამისა, ეს არის “ქართული ოცნების” გამოწვეული ჩავარდნები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ეს არის  იმედის გაქრობის შედეგი, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი. საქართველოს მოსახლეობის ბუნებითი ადგილია ევროკავშირი, ბუნებითია ინტეგრაცია ნატოს წევრ ქვეყნებთან. უბრალოდ, ეს [ნატოში ინტეგრაციის მხარაჭერთა კლება] არის ხელისუფლების მიმართ გამოხატული  პროტესტი.”

გიორგი ვაშაძის განცხადებით, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ნატოსთან ინტეგრაციაზე კითხვებს სვამენ, ქვეყანა სხვა შედეგს არ უნდა ელოდოს:

“ეს არის მცირე თუ დიდი ჯგუფების  მიზანმიმართული მოქმედების შედეგიც. როცა ჩვენ პარლამენტში, “ქართულ ოცნებაში” გვყავს ადამიანები, რომლებიც ნატოზე კითხვის ნიშნებს სვამენ და ევრაზიული კავშირი მათთვის მისაღებია, ჩვენ სხვა რამეს არ უნდა ველოდოთ. სტალინს მისტირიან, გორში რა ხდება, ვხედავთ, როცა ლექტორებს უნივერსიტეტიდან სტალინის კულტის დაგმობის გამო უშვებენ. ეს არის კატასტროფა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერები ხელმძღვანელობენ,” – აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე მტკიცებით, კვლევის შედეგები “ნორმალური ხელისუფლების” მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდება:

“2012 წელს, სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ კონტრრევანში მოაწყო საბჭოთა მენტალობის მქონე ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა. მისი ყველა გამონათქვამი არის საბჭოური გამონათქვამი და ამ ყველაფერს ხალხი დაივიწყებს, როგორც კი ნორმალური ხელისუფლება მოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ წელიწადში ამ კვლევაში 90-პროცენტიანი მხარდაჭერა ექნება ნატოსაც და ევროკავშირსაც. ”

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2013 წლის აპრილში ჩატარებული კვლევიდან 3 წლის შემდეგ ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობამ 12%-ით მოიკლო.

2016 წლის მარტი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ხოლო 2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 80%-ისთვის მისაღები იყო ნატოს წევრობა. 2015 წლის ნოემბერში ნატოს წვერობა მისაღები იყო 70%-ისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი