ახალი ამბები

დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობა 20 დღით შეიზღუდება

8 აპრილი, 2016 • 1385
დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობა 20 დღით შეიზღუდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებით, აღმაშენებლის ხეივანში არსებული გზაგამტარი ხიდის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია.

როგორც კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საავტომობილო მოძრაობა ასევე შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე დიდუბის ხიდთან, სადაც ფრაგმენტულად მოწესრიგდება გზის საფარი. მათი ცნობით, შეზღუდვა დღეს, ღამის 23:00 საათიდან შაბათს, დილის 09:00 საათამდე ამოქმედდება.

დედაქალაქის მერიის კეთლმოწყობის სამსახურის განცხადებით, საგზაო სამუშაოების გამო ასევე დღეს,  23:00 საათიდან შაბათს, 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩის კვეთამდე) გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. მათივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით.

კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, სამუშაოებს შპს “კ.მ.პ” აწარმოებს. თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი