ახალი ამბები

უსუფაშვილი: ერთ პირზე მიბმული მმართველობა დასრულდა

7 აპრილი, 2016 • 1325
უსუფაშვილი: ერთ პირზე მიბმული მმართველობა დასრულდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა.

ეს უსუფაშვილმა  7 აპრილს საზოგადოებრივ მაუწყებლის და რადიო თავისუფლების ერთობლივ გადაცემა “ინტერVIEW-ში” არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჟურნალისტ სალომე ასათიანის შეკითხვის პასუხად განაცხადა:

“გადავიდეთ საკითხზე, რას ვერ მივაღწიეთ და რა არის კიდევ გასაკეთებელი,  დასრულდა თუ არა ერთ პირზე მიბმული მმართველობა. დიახ, დასრულდა. შესაძლოა, ცინიკურად ჟღერდეს ჩემი სიტყვები, მაგრამ მე მგონია, რომ ყველა სწორად და კარგად გაიგებს ამას”.

დავით უსუფაშვილს ამის არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავს, რომ  კოალიცია  “ქართულ ოცნების” ან პარტია “ქართულ ოცნების” მიმართ მოსახლეობის და ჟურნალისტების მხრიდან  “ხშირად გაისმის საყვედური” არაორგანიზებულობის გამო:

“ როგორ ფიქრობთ, ერთი კაცი რომ მართავდეს ამ პარტიას და ამ სისტემას, იქნებოდა ამდენი არაორგანიზებულობა?”.

გადაცემის წამყვანის რეპლიკას, არაორგანიზებულობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გადაწყვეტილების მიმღები არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, უსუფაშვილმა უპასუხა:

“მე რაზე მიგანიშნებთ: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დასრულდა ერთ კაცზე აწყობილი სისტემა, და თუ სადმე რამეა დარჩენილი, ეს უნდა დასრულდეს, ჩვენ ამის სიმპტომები უნდა დავინახოთ. ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად მოინდომა წასვლა პოლიტიკიდან და ჩემი აზრით, ეს იყო ნაადრევი.  მგონია, რომ კიდევ მინიმუმ ერთი წელი რომ დარჩენილიყო, მაშინ უბრალოდ კითხვებიც არ გაჩნდებოდა მისი წასვლის შემდეგ, რომ იგი აგრძელებს რაიმე ფორმით ჩარევას საკითხებში, თუ არ აგრძელებს”.

“ერთ პირზე მიბმულ” სისტემაში გადაცემის წამყვანი და სტუმარი გულისხმობდნენ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომლის შექმნილმა კოალიციამ “ქართული ოცნება” მოიგო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, ხოლო თვითონ პრემიერ-მინისტრი გახდა.

ბიძინა ივანიშვილი ერთ წელუწადში, 2013 წლის 17 ნოემბერს გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, თუმცა საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ იგი არაფორმალურად ერევა მთავრობის საქმიანობაში.
2015 წელს NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით,  საქართველოს მოსახლეობის 59% პროცენტი ფიქრობდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად.

მასალების გადაბეჭდვის წესი