საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა საგანგებო განცხადება გაავრცელა ქუთაისში გაფიცული მუშების დაშლასთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
კიდევ ერთხელ დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური – შრომითი უფლებები
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კატეგორიულად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაფიცული და პროფკავშირის მოშიმშილე წევრების დაშლას, დაპატიმრებას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების – გაფიცვის, კოლექტიური მოლაპარაკების, პროფკავშირში გაწევრიანების უფლებების ხელყოფას, პროფკავშირული ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას, რაც წუხელ, ქუთაისში, შ.პ.ს. „ევრაზიანსთილსის“ქარხანა „ჰერკულესთან“ დაფიქსირდა.
ნაცვლად იმისა, რომ მოშიმშილე და გაფიცული ჩვენი პროფკავშირელი ლიდერებისა და აქტივისტების უსაფრთხოება დაეცვა, პოლიციამ დაშალა მათი კანონიერი აქცია, დააპატიმრა ოთხივე მოშიმშილე, ოცდაათამდე პროფკავშირელი აქტივისტი, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა მანქანა, რომელშიც გაფიცულები შიმშილობდნენ.
დაკავებული გაფიცულების გათავისუფლება საქართველოს პროფკავშირებმა მხოლოდ გვიან ღამით საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მოახერხა. გაერთიანების ხელმძღვანელობა დაუკავშირდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, მისი გენერალური მდივნის საგანგებო თანაშემწეს, კარი ტაპიოლას, რომელიც, ქუთაისში შემქნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოფისსა და მთავრობის წევრებს ესაუბრა.
ამასთან, საქართველოს პროფკავშირებმა საქმის კურსში ჩააყენეს: ევროპის პროფკავშირების პირველი პირები, ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოში, აშშ–ს ელჩი, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ–ს პროფკავშირები, რომელმაც საპროტესტო წერილი გაუგზავნა აშშ–ში საქართველოს ელჩს.
საქართველოს პროფკავშირებმა მომხდარის შესახებ შეატყობინა ქვეყნის სახალხო დამცველს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც, პროფკავშირებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, დაკავებულების იურიდიულ დაცვას შეეცადნენ.
დაკავებულები 16 სექტემბერს, დილის 3 საათზე გაათავისუფლეს, თუმცა, დააწერინეს ხელწერილები, რომ პროტესტს აღარ გამოხატავდნენ, შეწყვეტდნენ გაფიცვას და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კიდევ ერთი უხეში და ცინიკური დარღვევაა. ასეთივე შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ დანარჩენ გაფიცულებს სამოქალაქო ფორმებში გადაცმულმა ადამიანებმა გვიან ღამით სახლებში მიაკითხეს, ქარხანში წაიყვანეს და მუქარით აიძულეს ემუშავათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან ქარხანა „ჰერკულესში“ დასაქმებული 150 ინდოელი მუშის მდგომარეობით, რომლებსაც ინდოელმა მენეჯერმა პასპორტები ჩამოართვა, სახლში თავისუფლად გამგზავრების უფლებას არ აძლევს, ხელფასს დაგვიანებით და პირდაპირ ინდოეთის ბანკში ურიცხავს, უგვიანებს კვების ერთჯერად თანხას, უმძიმეს შრომით და საცხოვრებელ პირობებში აყენებს. ტრეფიკინგთან მიახლოებული ამ უკანონობის აღმოფხვრის ნაცვლად, სამართალდამცავები ქართველ მეტალურგებზე 24–საათიან თვალთვალს ახორციელებდნენ.
პროფკავშირების ტოტალური დევნა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს მაღალი თანამდებობობის სახელმწიფო მოხელეები აიძულებენ დატოვონ პროფკავშირები. ასეთი ზეწოლა ხორციელდება მედიცინის, საჯარო, ენერგეტიკის, რკინიგზის, მეტალურგიისა და სხვა სექტორებში დასაქმებულებზე. მეტიც, საქართველოს მთავრობა ახალისებს ე.წ. ყვითელი (ჯიბის) პროფკავშირების შექმნას, რათა დასაქმებულებს მოუსპოს საკუთარი შრომის უფლებების დამოუკიდებლად დაცვის შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფკავშირები მხარდაჭერისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, საბოლოოდ დაასუსტოს ქვეყნის ისედაც სუსტი სამოქალაქო სექტორი.
საქართველოს პროფკავშირები მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, მისცენ შეფასება პოლიციის მიერ გაფიცვის დაშლის ფაქტს და გამართონ საპარლამენტო მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პროფკავშირები მოითხოვს შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილთან, ამ საქმის გამოძიებასა და გაფიცვის დაშლაში მონაწილე პოლიციელების გადაყენებას.
საქართველოს პროფკავშირები ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას ქუთაისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რათა საქმეს საჭირო მსვლელობა მისცეს.