ახალი ამბები

რაზე შეუთანხმდა ხელისუფლებას ოპოზიციის ნაწილი

13 სექტემბერი, 2011 • 1401
რაზე შეუთანხმდა ხელისუფლებას ოპოზიციის ნაწილი

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც 8 პოლიტიკურ გაერთიანებას შორის შეთანხმების შედეგად მომზადდა, პარლამენტში მას შემდეგ განიხილება, რაც აღნიშნულ საკითხზე ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა გამოქვეყნდება.

მანამდე კი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოაქვეყნა საქართველოში მოქმედდა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,  „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“.

“შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული ნორმების ჩვენს ხელთ არსებულ ვერსიაში არ არის ასახული ოთხი საკითხი, ესენია: ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს შექმნა; წინაასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიზნით მედიამონიტორინგის განხორციელება;  ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნა და პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა. ეს ბოლო ცვლილება კონსტიტუციაში შედის და არა – საარცევნო კოდექსში”, – ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებს არ მოიცავს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით, შეთანხმების საფუძველზე მომზადებული ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის სრული ვერსია, რომელიც უკეა გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში, ხვალისთვის უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, თუმცა მისივე ინფორმაციით:

“არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კონკრეტული ფორმულირებები ახალ პროექტში არ დევს, თუმცა ეს შეეხება იმ თემებს, რომლებიც ვენეციის კომისიასთან სხვადასხვა დროს იყო მსჯელობის საგანი. მაგალითად, ეს შეეხება დამოუკიდებელი მაჟორიტარის საკითხს, კომისიიდან წევრების გამოწვევის საკითხს, ვიდეოთვალების განთავსების საკითხს საარჩევნო უბნებზე. ეს საკითხები არ არის დღეს საარჩევნო კოდექსში, თუმცა, თუ იქნება შესაბამისი კომუნიკაცია შემდეგ უკვე პარტიების მხრიდან, ვენეციის კომისიის ექსპერტების შეფასებები, ამის შესაბამისად იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული.”

შეთანხმება #1 – საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ახალი ზღვარი

პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან – 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან – 200 000 ლარს.

დღეს მოქმედი კოდექსით, ეს ლიმიტები ორჯერ ნაკლებია და ის ფიზიკური პირისთვის შეადგენს 30 ათას ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 100 ათას ლარს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე თავიანთი მოსაზრებები გამოაქვეყნეს, მიაჩნიათ, რომ არ არის ნათელი, რა გარემოებებმა განაპირობა მოქმედი ლიმიტების გაორმაგების საჭიროება.

“საკუთრივ ლიმიტების არსებობას პოლიტიკური კორუფციის პრევენციის მნიშვნელობა აქვს და სიფრთხილეს საჭიროებს აღნიშნული ლიმიტის აწევით საწარმოებისა და პარტიებისათვის მეტი თავისუფლების მინიჭება. არსებული ზღვარი ისედაც საკმაოდ მაღალია და საქართველო მაღალი შემოწირულებების თვალსაზრისით ისედაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.  თავის მხრივ, შემოთავაზებული ცვლილება  უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნასა და ოპოზიციური პარტიებისთვის შემოწირულობების ზრდას ვერ უზრუნველყოფს”, – ასეთია NGO–ების მიერ მომზადებულ შენიშვნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ახალი პროექტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ფიზიკური პირისაგან – 20 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან – 60 000 ლარს.

არასამთავრობოების თქმით, ნორმების დღევანდელი რედაქცია ტოვებს შესაძლებლობას, ერთი და იმავე პირისაგან განხორციელდეს შემოწირულება როგორც პარტიის ანგარიშზე, ისე პარტიის მიერ წარდგენილი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში, რაც პრაქტიკაშიც მოხდა 2008 წლის განმავლობაში, როცა სს „ტრანსმშენმა“ ამ გზით “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სულ 175 000 ლარი შესწირა.

“აღნიშნული ხარვეზის გამო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ორჯერ გადააჭარბონ დაწესებულ ზედა ზღვარს”, – მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ახალ კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფს ასეთ რეკომენდაციას აძლევენ:

“მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რომ შემოწირულების ზედა ზღვარი მოიცავს პარტიის ანგარიშსა და მის მიერ წარდგენილი სუბიექტის ანგარიშზე შეტანილი თანხის ჯამს.  შესაბამისად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 47-ე მუხლს უნდა  დაემატოს შემდეგი შინაარსის ნაწილი: „ერთი პირის მიერ საარჩევნო წლის განმავლობაში გაღებული შემოწირულებების მაქსიმუმი ვრცელდება მის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდისა და  თვით პარტიისთვის შეწირული თანხების ჯამზე.“ ამავდროულად, შემოწირულების დღეს მოქმედი ლიმიტები უნდა დარჩეს უცვლელი.”

შეთანხმება #2 – მილიონი ლარი პარტიისთვის, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს

ცვლილებების პროექტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5%-ან საარჩევნო ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მიიღებს დაფინანსებას ერთ მილიონ ლარამდე საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 000 ლარს მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ფორმულირება შეიცავს ძალზე ბუნდოვან მითითებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო სუბიექტისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობაზე:

“ჩანაწერი  – ”ერთ მილიონ ლარამდე” –  საჭიროებს დაზუსტებას. შესაძლებელია, ნორმის შინაარსი გულისხმობდეს საარჩევნო კამპანიის ხარჯების ტოლფასი თანხის გამოყოფას 1 მილიონ ლარამდე ოდენობით, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა უკეთესი ფორმულირების მოფიქრება, ვიდრე დღესაა წარმოდგენილი.”

პარლამენტის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე განიხილეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირების ტექნიკური საკითხები
პარლამენტის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე განიხილეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირების ტექნიკური საკითხები

შეთანხმება #3 – საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი

მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რომელიც წესრიგს არღვევს. ცვლილებების პროექტით კი, ეს უფლებამოსილება მიენიჭება საუბნო საარჩევნო კომისიას, როგორც კოლეგიურ ორგანოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციაა, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიამ მიიღოს არა ხმათა უმრავლესობით, არამედ ხმათა 2/3-ის უმრავლესობით. ამასთან, გადაწყვეტილების კოლეგიურად მიღების წესი დამკვიდრდეს არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გაძევების, არამედ დამკვირვებლებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ წესრიგის დარღვევის შემთხვევაშიც.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეთანხმება არის გაფორმებული პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც შეეხება არჩევნების დღეს მისი ფუნქციების გაზრდას საჩივრების რეგისტრაციისა და ბიულეტენების დათვლის პროცესში.

“თუმცა, სარედაქციო ჯგუფის მიერ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული ფორმულირება შეეხება მხოლოდ ბიულეტენების დათვლის პროცესში მათ მონაწილეობას და არაფერს ამბობს საჩივრების რეგისტრაციის შემთხვევებზე”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კერძოდ, ცვლილებების პროექტის შესაბამისად, საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან დათვლის პროცესს და, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, პირადად ერთხელ გადათვალოს საარჩევნო ბიულეტენები (მათ შორის ნამდვილი, ბათილი, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენები).

შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებული ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტიდან ხორციელდება კვალიფიციული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება, თუმცა შეთანხმების ტექსტში საუბარია იმაზე, რომ 50 ლარი უნდა მიეცეს თითოეულ წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიაში და 100 – საოლქო საარჩევნო კომისიაში, ცვლილებების პროექტით კი 50 ლარი გათვალისწინებულია ყოველი საარჩევნო უბნისათვის და 100 ლარი – ყოველი საარჩევნო ოლქისთვის. შესაბამის დაფინანსებას საარჩევნო სუბიექტი იღებს კენჭისყრამდე 5 დღით ადრე.

“საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტს ” უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.” ამავდროულად, შესაძლებელია, რომ საარჩევნო სუბიექტს საერთოდ არ ჰყავდეს არც ერთი წარმომადგენელი საარჩევნო კომისიებში. შესაბამისად, გაუგებარია, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე რატომ უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვა პოლიტიკური პარტიებისათვის”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათივე თქმით, “თუ დავუშვებთ, რომ არსებობს აღნიშნული თანხის საარჩევნო სუბიექტისათვის წინასწარ, კენჭისყრამდე 5 დღით ადრე გადარიცხვის ინტერესი და ისიც უკლებლივ ყველა საარჩევნო უბნისა და ოლქის რაოდენობის გათვალისწინებით, მაშინ უნდა არსებობდეს თანხის დაბრუნების ვალდებულებაც იმ შემთხვევისათვის, თუ არ მოხდა მისი ათვისება სრულად, მაგალითად, სუბიქტის მიერ ვერ მოხერხდა სანდო წარმომადგენლების შერჩევა ფინანსური რესურსის ქონის მიუხედავად.”

შეთანხმება #4 – ზღვარი გადასატანი ყუთის მომხმარებლებისთვის

ცვლილებების შესაბამისად, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საარჩევნო უბმის ამომრჩეველთა 3 პროცენტს. ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები, ან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა 3 პროცენტს, გადაწყვეტილებას ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის თაობაზე იღებს მხოლოდ სასამართლო.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ეს მექანიზმი არაეფექტურია, რადგან მაშინ, როდესაც კენჭისყრის დღემდე 2 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება სასამართლოსათვის მიმართვა და შედარებით ხანგრძლივი პროცედურების დასრულება.

“გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანისას საუბნო საარჩევნო კომისია არ იკვლევს არავითარ ფაქტობრივ გარემოებას, არ ამოწმებს, რეალურად უშლის თუ არა ხელს ჯანმრთელობის მდგომარეობა ან შეზღუდული შესაძლებლობა ამომრჩეველს უბანზე გამოცხადებაში და სხვა. ასეთ ვითარებაში, ყოველგვარ აზრს მოკლებულია 3%-ის ოდენობის ლიმიტის დაწესება”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი რეკომენდაციაა, რომ ასეთი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა დაევალოს საუბნო საარჩევნო კომისიის 2 პარტიულ წევრს (გამოვლენილს წილისყრით).

სხვა შეთანხმებები

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები კიდევ რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო დავების განხილვის წესსა და ვადებს, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაციას, საოლქო საარჩევნო კომისიების  განთავსების ადგილებს და სხვა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე პარტიების წარმომადგენლებმა მას შემდეგ დაიწყეს მუშაობა, რაც შესაბამისი პირველადი დოკუმენტი მმართველმა პარტიამ წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მასზე ერთობლივად მუშაობის გაგრძელება სხვა პოლიტიკურ პარტიებს შეთავაზა. აღნიშნული დოკუმენტი ცესკოში მიმდინარე წლის 27 ივნისს შევიდა, რასაც მოჰყვა ოპოზიციური “რვიანის” დაშლა.

ოპოზიციური “რვიანი” სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა გასული წლის აპრილში და იგი შესაბამის კონსკულტაციებს აწარმოებდა მმართველ პარტიასთან, თუმცა საბოლოოდ, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვარიანტი “რვიანის” წევრი მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტიისთვის (“ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები”) აღმოჩნდა მისაღები, რის შემდეგაც “რვიანმა” “ექვსიანის” ფორმატში გააგრძელა საქმიანობა.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა კი შვიდმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ განაცხადა. სწორედ ამ პარტიების (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები”, ედპ, “ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტია”, “საქართველოს ევროპელი დემოკრატები” (ჩვენ თვითონ), “საქართველოს დემოკრატიული პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”) შეთანხმების შედეგად შეიქმნა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფი, რომელიც ცვლილებების პროექტზე მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მუშაობდა.

“ჩვენ სარედაქციო ჯგუფის ფარგლებში გვქონდა შეთანხმება, რომ კანონპროექტის ინიცირებას დავიწყებდით 20 სექტემბრისთვის. შემდეგი ორშაბათიდან შეგვიძლია, რომ დავიწყოთ ინიცირება. რაც შეეხება განხილვებს, ვფიქრობ, რომ პარლამენტმა განხილვა უნდა დაიწყოს ვენეციის კომისიის დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ”, – აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას სარედაქციო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი 26 აგვისტოს გადაეგზავნა. ამას გარდა, დაგეგმილია ვენეციის კომისიის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან გამართავენ შეხვედრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი