ნეტგაზეთი | თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს თანამშრომლებს სტაჟის მიხედვით დანამატს გადაუხდის თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს თანამშრომლებს სტაჟის მიხედვით დანამატს გადაუხდის – Netgazeti
RU | GE  

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს თანამშრომლებს სტაჟის მიხედვით დანამატს გადაუხდის

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ გამოიყო 1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურებისთვის.  განხადების თანახმად, ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ “სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია შეზღუდული ფინანსური რესურსები”.

1 მარტს თბილისის მეტროს თანამშრომლებმა აქცია გამართეს, სადაც შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება მოითხოვეს. მოთხოვნებს შეუსრულებლობის შემთხვევაში კი განაცხადეს, რომ გაიფიცებოდნენ. ასევე, იმავე მოთხოვნით მეტროს თანამშრომლებმა აქცია გამართეს გუშინ, 4 აპრილსაც.

“ამ ეტაპზე კომპანია მზად არის, დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მას შემდეგ, რაც შეთანხმდება გადახდის პირობები და ტექნიკური საკითხები. რაც შეეხება მემანქანეების მხრიდან წამოსულ დამატებით მოთხოვნებს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს, რომ მეტროს მემანქანეების სახელფასო განაკვეთი შედგება საათობრივი ანაზღაურებისგან, ასევე მავნე და მძიმე პირობების დანამატის, დღესასწაულებზე და ღამის საათებში შესრულებული სამუშაოს, კლასის (თანრიგის) დანამატის, ასევე მეცამეტე ხელფასისა და სააღდგომო პრემიისგან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აქვე წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებს:

დეპოს მორიგე – 1 455 ლარი;

დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე – 981 ლარი;

დეპოს მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;

მემანქანე ინსტრუქტორი – 1 986 ლარი;

ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;

ხაზის მემანქანე – 1 731 ლარი;

ხაზის მემანქანის თანაშემწე – 1 096 ლარი;

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს:

 დაოჯახების შემთხვევაში – 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;

 დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება;

 ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;

 თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში – 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს;

 კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს. აქედან გამომდინარე კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში, შესაბამისად, ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია.

თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს, უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე და ზუსტად გაანალიზონ ის შედეგები, რაც მოჰყვება მათ გაფიცვას, რომელიც გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან შეფერხებას, ვინაიდან თბილისის მეტროთი ყოველდღიურად 300 ათასამდე მგზავრი სარგებლობს,”- აღიშნულია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი