ახალი ამბები

შსს: საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის პირველ სამ თვეში 14,7%-ით გაიზარდა

4 აპრილი, 2016 • 1301
შსს: საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის პირველ სამ თვეში 14,7%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის იანვარ-მარტის ინტერვალში საქართველოში 1 134 436 ვიზიტი განხორციელდა, რაც 14,7 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

შსს-ს ცნობით, 2016 წლის მარტში საქართველოს საზღვარი 450 875-ჯერ გადმოკვეთეს, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია.

შსს იუწყება, რომ 2016 წლის მარტში 170 281 ტურისტული ვიზიტი განხორიცელდა, რაც ვიზიტების საერთო რაოდენობის 37,8%-ს აღემატება და 2015 წლის მარტთან შედარებით 24,8%-ით მეტია.

რაც შეეხება ტრანზიტულ ვიზიტს, წინა წლის მარტთან შედარებით, 6,3%-ით შემცირდა. 82 609 ტრანზიტული ვიზიტი 2016 წლის მარტში განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობის 18,3%-ს შეადგენს.

ოფიციალური იფორმაციით, სხვა ტიპის ვიზიტები, რომლებიც შსს-ს დაკონკრეტებული არ აქვს, არის 197 985, რაც საერთო რაოდენობის 43,9%-ია. სხვა ტიპის ვიზიტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,5%-ით გაიზარდა.

2016 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+6,7%), სომხეთიდან (+4,2%), რუსეთიდან (+15,7%), უკრაინიდან (+26,9%) და ირანიდან (+1065,8%) განხორციელდა.

შსს-ს ანალიზით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-მარტშიც გამოირჩევიან ლატვია, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად, 48%, 27%, 23% და 13%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (80%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (37%) და მოლდოვა (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (81%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 348%-იანი მატებით, ამერიკის შეერთებული შტატები – 10%-იანი ზრდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი