ახალი ამბები

პრემიერი: საქრთველო ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვან პროგრესს ელოდება

4 აპრილი, 2016 • 1173
პრემიერი: საქრთველო ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვან პროგრესს ელოდება

საქართველოს პრემიერ-ინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოსთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული შედეგების კუთხით.

“ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატო-ს მისიებში. ნატოსთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით,” – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ “სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას”:

“დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან  მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. სახალხო დიპლომატიის ფორუმი სწორედ ის ფორმატია, რომელიც იძლევა ახალი გამოწვევებისა და სტრატეგიების განხილვის, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და შედეგების შეჯამების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ. თბილისის ფორუმი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი