ახალი ამბები

რობერტ სტურუას ვიდეოკონფერენცია მოსკოვთან

29 აგვისტო, 2011 • • 1315
რობერტ სტურუას ვიდეოკონფერენცია მოსკოვთან

 

კითხვაზე, შეძლებს თუ არა რობერტ სტურუა სამომავლოდ რუსეთის ხელისუფლების გაკრიტიკებას საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, დღეს, 29 აგვისტოს, “რია ნოვოსტის” თბილისისა და მოსკოვის ოფისებს შორის გამართული ტელეხიდისას, რეჟისორმა უპასუხა, რომ „მოცემულ შემთხვევაში არსებობს მორალური სირთულე, როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და უცებ აკრიტიკებ იმ გარემოს, სადაც აპირებ ცხოვრებასა და მუშაობას. ეს რომ გააკეთო, ამის უფლება უნდა გქონდეს.“

რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ქართველი და რუსი ჟურნალისტების კითხვებს „რია ნოვოსტის“ თბილისის ოფისში მოწყობილ ვიდეოკონფერენციაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

„მე მინდა ვისაუბრო რასიზმზე, რაშიც მე დამადანაშაულეს. მე ვთქვი, რომ არ მინდოდა მყოლოდა არაქართველი პრეზიდენტი და ის სანახევროდ არაქართველია. ვთქვი, რომ მას არ უნდა დაემალა ეს. ეს არ იყო შეურაცხმყოფელი სომხებისთვის. თუ სომხები იტყვიან, რომ მათ უნდათ არასომეხი პრეზიდენტი, ან რუსები ოცნებობენ ქართველ პრეზიდენტზე, მე ბოდიშს მოვიხდი,“ – ასე დაიწყო რობერტ სტურუამ პრესკონფენეცია,– მე რასიზმი არ მქონდა მხედვლეობაში, როცა ეს ფრაზა ვთქვი, რადგან მე ვიზრდებოდი მულტინაციონალურ თბილისიში, აზიზიეს მოედნიდან ას მეტრში, სადაც, ასევე, არის სინაგოგა, მეჩეთი, სომხური და ქართული ეკელსიები. მე თვითონ ვიზრდებოდი იტალიურ ეზოში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ. ადრე სომხურადაც კი ვლაპარაკობდი, უბრალოდ, მერე დამავიწყდა.  მე სომეხი მეგობრები და ბიცოლა მყავდა.“

რეჟისორის თქმით, დარწმუნებულია, რომ „ის საშინელი ბრალდება – რასიზმი“, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი არ არის და სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ ბოლო დროს „საკამოდ ღიად“ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, „ჩვენი ხელისუფლება კი ვერ იტანს ვერანაირ კრიტიკას.“

რობერტ სტურუამ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მისაღები ამ ეტაპზე რუსული თეატრის, „ეტ სეტერას“ წინადადება აღმოჩნდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა მასთან დაკავშირებული მოვლენები ჩაწყნარდება. მისი თქმით, ჯერ ამ ამბის [სტურუას გათავისუფლება] „კულმინაცია არ ყოფილა“.  რეჟისორმა, ასევე, თქვა, რომ ის 30 აგვისტოს ოდესაში, უკრაინაში მიფრინავს, სადაც „ეტ სეტერას“ გასტროლებია დაგეგმილი, 5 სექტემბერს კი უკვე მოსკოვში იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს მოვლენა [თანამდებობიდან გათავისუფლება] ჩემს სულში გარკვეულ კვალს დატოვებს. როცა საქართველოში ომი იყო, მე დიდ ბრიტანეთში იმ დროს დავდგი “ჰამლეტი”, რომელზეც გამოქვეყნებულ რეცენზიაში ეწერა, რომ ეს იყო სპექტაკლი საქართველოზე. რა თქმა უნდა, მას საერთო არაფერი ჰქონდა საქართველოსთან, თუმცა, გარკვეულწილად მაინც გამოიხატა რაღაცაში. სამომავლოდ არ ვიცი, რას და როგორ დავდგამ, თუმცა, ახლა ძალიან მხიარულ განწყობაზე ვარ და დავდგამდი მხიარულ  კომედიას,“– უპასუხა სტურუამ თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვას, რომელიც მოსკოველმა ჟურნალისტმა დაუსვა.

ერთ–ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა რეჟისორს ჰკითხა: „ფეხბურთელი მურთაზ ხუცილავა წლების წინ თბილისის „დინამოდან“ გააგდეს. მას შესთავაზეს მოსკოვსა და კიევში წასვლა, მან უარყო ეს წინადადება და მოღვაწეობა ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელა. იქნებ თქვენც აქ გეცადათ მუშაობა, ამაზე არ გიფიქრიათ?“

„საკუთარი ქვეყნის დატოვება, მგონი, არავისთვის სასიამოვნო არ არის – არც სომეხისთვის, არც ქართველისთვის და არც – რუსისთვის. თუმცა ხანდახან არის მომენტები, როცა უნდა მოშორდე ამ ინტრიგებს, სამუდამოდ არა, რა თქმა უნდა, დაისვენო ცოტა ხნით. ჯერჯერობით, ჩემთვის არ არის ცხადი, რა იქნება მომავალში.  რაც შეეხება ფეხბურთელს, სპორტი არ არის ნაციონალური. ხშირად ერთ გუნდში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ. თეატრი კი ენასთანაა დაკავშირებული, ამიტომ სადღაც გამგზავრება ნიშნავს ამ ენასთან კავშირის გაწყვეტას, ენა კი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს,“ – უპასუხა ჟურნალისტს რუსთაველის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა.

რობერტ სტურუას თქმით, „რუსთაველის“ თეატრს ჰქონდა „ოქროს ხანა“,  დასი დადიოდა გასტროლებზე საზღვარგარეთ – მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყავით. ახლა კი დრო შეიცვალა.“

„გარდა ამისა, ახლაგაზრდებს ეუბნებიან, რომ ყველაფერი ახლა იწყება, რომ იქამდე არაფერი იყო, არადა, ეს სპექტაკლები ხომ აქამდე იდგმებოდა?!“ – აღნიშნა რეჟისორმა.

აღნიშნულ პასუხს „რია ნოვოსტის“ მოსკოვის ოფისიდან ერთ–ერთი ჟურნალისტის რეპლიკა მოჰყვა: „– მე არ მჯერა, რომ ახალგაზრდებს არ უნდათ იარონ თქვენს „კავკასიური ცარცის წრეზე“ და სხვა სპექტაკლებზე.“

„როცა ფეიბუქზე დავრეგისტრირდი, თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ყოფილი კგბ–ს შესანიშნავი იარაღი, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი ღიაა, ღიად მიდის საუბრები. თუმცა მერე,  ხალხის დამატება რომ დავიწყე, მივხვდი, რომ პუბლიკასთან ურთიერთობისთვის კარგი იყო. ხალხს განურჩევლად ვიმატებდი და როცა მეგობართა რიცხვმა 5 ათასს მიაღწია და მეტს ვერ ვიმატებ, აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან – ახალგაზრდა, მშვენიერი გოგონები,“ – უპასუხა მოსკოველ ჟურნალისტს რეჟისორმა, რასაც მოსკოვიდან ხუმრობაც მოჰყვა: „იქნებ, ფეისბუქის ხელმძღვანელობამ სოციალური ქსელის სამხატვრო ხელმძღვანელად დაგნიშნოთ.“

„–სიამოვნებით დავთანხმდებოდი,“ – ასეთი იყო სტურუას პასუხი.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა სამომავლოდ, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას და ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ის „დაისაჯოს“, სტურუამ უპასუხა:  „ – მოცემულ შემთხვევაში არსებობს მორალური სირთულე, როცა სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და უცებ აკრიტიკებ იმ გარემოს, სადაც აპირებ ცხოვრებასა და მუშაობას, ამის უფლება უნდა გქონდეს, თუმცა, მე აქედანაც არ ვერიდები რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას. აგერ, ცოტა ხნის წინ ომი გვქონდა. გარდა ამისა, რუსეთში ადამიანი რომ გააჩერო, გეტყვის, რომ აშშ–ს შემდეგ რუსეთის მტერი საქართველოა, მათ ჰგონიათ, რომ საქართველო 40–მილიონიანი ქვეყანაა და ეს ძალიან ცუდია.“

აღნიშნულ პასუხს კონტრკითხვაც მოჰყვა: „– თქვენ ოდესმე გაგიკრიტიკებიათ რუსეთის ხელისუფლება პრესაში?“

„– მე ახლა, ფაქტობრივად, ამ პატარა მონოლოგით გავაკრიტიკე რუსეთის ხელისუფლება,“ – უპასუხა რეჟისორმა

მოსკოვიდან რეჟისორს ჟურნალისტმა უთხრა: “ეს მაგონებს საბჭოთა დროს, როცა ხელისუფლების კრიტიკისთვის ხალხს სჯიდნენ. თუ ჩამოხვალთ რუსეთში, ეს ბედნიერება იქნება ჩვენთვის და ხელგაშლილი დაგხვდებით, თუმცა, თუ გითხრეს საქართველოში დაბრუნდითო, დაბრუნდებით? აპატიებთ?“

სტურუას თქმით, მან არ იცის, რას იზამს, თუმცა, მისივე აზრით, „ადამიანს აქვს სიამაყე, თავმოყვარეობა. ერთხელ გაგდებული და მერე დაბრუნებული ადამიანი კი ვერ იქნება სრულყოფილი მმართველი. გარდა ამისა, ამის დიდი სურვილიც რომ მქონდეს, უკვე შინაგანად ვგრძნობ, რომ ეს კავშირი გაწყდა,“– აღნიშნა მან.

რეჟისორის თქმით, ყველაფერი „ძალიან ლამაზად, რუსთაველის თეატრის ტრადიციების შესაბამისად დასრულდა, საბედნიეროდ, ისე სისხლიანად არ დასრულებულა, როგორც – ახმეტელის შემთხვევაში.“

რეჟისორს, ასევე, ჰკითხეს, თუ რატომ არ დაიცვეს ის ომბუდსმენმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა? მეგობრების, საახლობლო წრისა და თეატრის მოყვარული საზოგადოების გარდა, რატომ არავინ თქვა ხმამაღლა, რომ რეჟისორი უსამართლოდ, აზრის გამოხატვის გამო გაუშვეს სამსახურიდან? რატომ დუმდნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები?

„მე არ ვფიქრობ, რომ მათ უნდა დავეცავი. მინისტრის ბრძანებაში ჩემი გათავისუფლების მიზეზი არ იყო განმარტებული, ეს მხოლოდ მისი ზეპირი განაცხადი იყო, რომელსაც დოკუმენტის ძალა არ აქვს.

ისინი რომ არ მიცავენ მე, ეს საუკეთესო გამოსავალია. თუ ხმას ამოიღებენ, ან უნდა დამადანაშაულონ, ან დამიცვან, ხოლო თუ დამიცავენ, ისინი გადაკვეთენ ხელისუფლების ხაზს, ამიტომ ურჩევნიათ, ჩუმად იყვნენ,“ – განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ.

მან, ასევე, „სიცრუე“ უწოდა საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომლის მიხედვითაც, მან თავად მოახდინა თეატრიდან გაგდების პროვოცირება, რათა „ტრადიცია არ დაერღვია.“

„ვერც კი წარმომიდგენია, ისე როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ ასე მომხდარიყო. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი სცენარის მიხედვით მოხდა. მე ამისი არ მჯერა,“ – თქვა რეჟისორმა, რის შემდეგაც ერთსაათიანი ვიდეოკონფერენცია თბილისსა და მოსკოვს შორის დასრულდა. რუსეთის დედაქალაქში რობერტ სტურუას 5 სექტემბერს ელოდებიან.

ამავე თემაზე:

თანასწორობა და რობერტ სტურუა

დასი:”სტურუა ჩვენთვის ისევ სამხატვრო ხელმძღვანელია” [VIDEO]

აქცია რობერტ სტურუას მხარდასაჭერად

ნაირა გელაშვილი: სასაცილოა, რობერტ სტურუას ქსენოფობობა დასწამო

„საჩუქარი“ ნიკა რურუასთვის [VIDEO]

კორძაია: ქსენოფობური გამონათქვამების გამო სამსახურიდან დათხოვნა კანონიერია

სტურუას ახდენილი ოცნება

ნიკა რურუა: სტურუა ქსენოფობური გამონათქვამების გამო დავითხოვე

თეატრისთვის სამხატვრო ხელმძღვანელი კანონით აუცილებელი არაა

რობერტ სტურუა: “მომხსნეს”

მასალების გადაბეჭდვის წესი