პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პარლამენტში რეგისტრაცია 92-მა დეპუტატმა გაიარა და სხდომა გაიხსნა. სხდომის გახსნა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მიერ რეგისტრაციის გავლის შედეგად გახდა შესაძლებელი.
“ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობა ვერ აგროვებს ქვორუმს და ეს უმრავლსობაში არსებულ ვითარებას აჩვენებს,” – განაცხადა სხდომის დაწყებისას “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა, გია ბარამიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატები საქართველოს პარლამენტის სხდომას მართავენ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის:
” საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ ყველა და მის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ვართ ყველა. ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა იქეთ-აქეთ, ვინ იქცევა სწორად, ვინ მხოლოდ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას; ეს ხალხი თუ ის ხალხი, ვინც აქ ბრძანდება ხოლმე და რეგისტრაციას არ გადის პოლიტიკური მოტივებით, ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე რეგისტრაცია შემდეგი მოტივით არ გაიარეს:
” მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებასაც ჰქონოდა ინფორმაცია, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში. ქართული ოცნება არ არის უმრავლესობაში, დაშლილია და ეს პოლიტიკური ძალა ოქტომბერში ჩაბარდება წარსულს.”
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. სხდომა დაგვიანებით, 13:20 საათზე დაიწყო.