ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: ხან პარლამენტის თავმჯდომარე გვყავდა, ხან პურის ფული გვენატრებოდა

1 აპრილი, 2016 • 1709
ლევან ბერძენიშვილი: ხან პარლამენტის თავმჯდომარე გვყავდა, ხან პურის ფული გვენატრებოდა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ პარტია საარჩევნო ბარიერს გადალახავს:

“რესპუბლიკური პარტია გადალახავს ბარიერს და მოხვდება პარლამენტში, შექმნის ფრაქციას.  თუ შევცდით, ვიტყვით, რომ შევცდით. გაავაანალიზებთ და აღმოვფხვრით, მაგრამ დავრჩებით აჭარის პარლამენტში, დავრჩებით თბილისის საკრებულოში, უამრავ საკრებულოში დავრჩებით და პარტია იცოცხლებს. ეს პარტია 38 წლის არის, ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, ხან წინ მიდიოდა, ხან უკან, ხან პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავდა და ხან პურის ფული ენატრებოდა.”

ლევან ბერძენიშვილკი ვარაუდობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის განცხადების შემდეგ პარტიის რეიტინგი გაიზრდება:

“რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგი ნელ-ნელა დაიწყებს ზრდას. ასე ხდება ხოლმე. სადამდე ავა, არ ვიცი, მაგრამ მართლა არ მგონია, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა შეგვექმნას. ბევრი რამ იმაზე არის დამოკიდებული, ამომრჩეველს რთულ ამოცანას როგორ ავუხსნით. ეს ევროპული ამბავი, რომ ხარ მთავრობაში, მაგრამ კენჭს ცალკე იყრი, ვიღაცებს შეიძლება არ ესმოდეს. მაგრამ არ მგონია ქართველები ბულგარელებზე უფრო დებილები იყვნენ და მართლა ვერ გაერკვნენ, რა ხდება.”

დეპუტატის თქმით, ყველა პარტია გამოცდის ამომრჩევლის სიყვარულს:

“ყველა გამოვცდით, როგორ ვუყვარვართ ქართველ ხალხს და ერთხელ და სამუდამოდ შევაწყვეტინებთ მტერს და მოყვარეს საუბარს იმაზე, როგორ ვერ გვიტანენ. თუ ვერ გვიტანენ – სახლში წავალთ, არ არის პრობლემა,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი.

31 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე მთავრობაში თანამდებობების დატოვებას არ აპირებენ.

იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,  რომ პარტია “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი