ახალი ამბები

FBI-ის წარმომადგენელი მოქალაქეებს ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

1 აპრილი, 2016 • 1530
FBI-ის წარმომადგენელი მოქალაქეებს ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საგამოძიებო ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი ქეთლინ კენინგი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუკი ფლობენ ინფორმაციას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ, საქართველოს პროკურატურას მიაწოდონ.

ქეთლინ კენინგიმ, რომელიც ამავდროულად საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივი ატაშეა, დღეს, 1 აპრილს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ FBI-ს  დახმარების თხოვნით მიმართა.

„ მსგავსი ტიპის საქმეებში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარება აღმოგვეჩინა    პროკურობისა და გამომძიებლებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო   ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერკომპონენტებს და ატარებენ  ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთულად გამოსაძიებელი, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების

თვალსაზრისით”,- განაცხადა  ქეთლინ კენინგმა.

ის ასევე იმედოვნებს,  რომ “საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, წარადგენს მათ მართლმსაჯულების წინაშე.”.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, დაუკვშირდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებს“ – აღნიშნა ქეთლინ კენინგმა.

შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კუთხით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით.
FBI -ის წარმომადგენელი ჟურნალისტების წინაშე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძესთან ერთად წარდგა.

პროკურატურის ცნობით, მარტში YOUTUBE-ზე გავრცელებული ვიდეომასალები, რომლებითაც ქართველ პოლიტიკოსებს აშანტაჟებდნენ, საქართველოდან ატვირთული არ არის.

გამოძიებამ სხვა დეტალებიც გახადა საჯარო. პროკურატურის მტკიცებით, გამოძიების ფარგლებში  ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 CD და DVD დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 SIM ბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 გარე მეხსიერების მყარი დისკი. პროკურატურა ასევე ამბობს, რომ ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტი დაათვალიერეს,   ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი