ახალი ამბები

პრეზიდენტი კადრების გავრცელებაზე: ადამიანების ჯგუფს პოლიტიკურ პროცესზე გავლენა სურს

31 მარტი, 2016 • 1087
პრეზიდენტი კადრების გავრცელებაზე:  ადამიანების ჯგუფს პოლიტიკურ პროცესზე გავლენა სურს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიებამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოებას უსწრაფესად უნდა გასცეს პასუხი:

“პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გამოძიებამ, ისევე როგორც ჩვენ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ დავდევთ ჰაკერებს ამ მომენტში, ან ვიღაც ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ატვირთეს ინტერნეტში. ეს არის პროცესი, როდესაც გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისა უნდა გავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესზე. ეს არის პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, ეს უნდა გაიაზრონ სამართალდამცავებმა და ამის გააზრებით უსწრაფესად პასუხი მისცენ ქართულ საზოგადოებას,”- განაცხადა პრეზიდენტმა

31 მარტს Youtube -ზე კვლავ გავრცელდა სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ვიდეოს გამომქვეყნებლების განცხადებით ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება. თუმცა გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლის ავთენტურობა გამოკვლეული არ არის,  არ იყო იდენტიფიცირებული რომელიმე პოლიტიკოსი.

ვიდეო ასევე კვლავ შეიცავდა მუქარას ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ.

“რუსთავი 2”-ის ცნობით პროკურატურაში მიმდინარეობს ჟურნალისტ მაკა რაზმაძის დაკითხვა, რადგანაც ჟურნალისტი აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეოლინკი მას გამოუქვეყნეს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თავდაპირველად, 11 მარტს გავრცელდა ვიდეოჩანაწერები ინტერნეტში, რომელზეც ვიდეოს გამავრცელებელი მიუთითებდა, რომ ასახული იყო ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება.  ამ ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მხულის მეორე ნაწილით [პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით]. დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ასევე უცნობია, დადგინდა თუ არა ვიდეომასალის ავთენტურობა.

14 მარტს კიდევ ერთი ვიდეომასალა გამოქვეყნდა, რომელზეც ასახული იყო არაიდენტიფიცირებადი ადამიანების სექსულური ცხოვრება და ჩანაწერი შეიწავდა მუქარას ქართველი პოლიტიკოსების და ჟურნალისტის მიმართ. ამ ფაქტზეც იმავე მუხლით დაიწყო გამოძიება და დღემდე საზოგადოებისთვის ასევე უცნობია გამოძიების შედეგები.

პროკურატურამ 15 მარტს განაცხადა, რომ დახმარებისთვის აშშ-ის “კომპეტენტურ ორგანოებს” მიმართა, თუმცა ასევე დღემდე უცნობია, მიიღო თუ არა ასეთი დახმარება საქართველოს პროკურატურამ.

მოქალაქეები და კამპანია “ეს შენ გეხება” საქმის სწრაფად გამოძიებას მოითხოვენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი