ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ფილიპ ჰამონდმა

30 მარტი, 2016 • 1205
რაზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ფილიპ ჰამონდმა

“ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და მას გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

“შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე, ასევე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის 2016 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა და 21.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ 2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში, რაც საქართველოს, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის სანდო პარტნიორის იმიჯზე მეტყველებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისზე. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
გიორგი კვირიკაშვილმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და პირადად ფილიპ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი