ახალი ამბები

სანიკიძე: 3 აპრილს გადავწყვეტთ, ვრჩებით თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო ბლოკში

30 მარტი, 2016 • 1494
სანიკიძე: 3 აპრილს გადავწყვეტთ, ვრჩებით თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო ბლოკში

გუბაზ სანიკიძის თქმით, “ეროვნული ფორუმი” არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს თუ ბლოკთან ერთად, ამას პარტიის ყრილობაზე 3 აპრილს გადაწყვეტენ.  მან ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა:

“სამ აპრილს არის ჩვენი პარტიის, ეროვნული ფორუმის ყრილობა, სადაც პარტიის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ პარტიის სამოქმედო გეგმა 2016 წლის არჩევნებისთვის. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, არის გარკვეული განწყობები, არიან საარჩევნო ბლოკიდან გასვლის მომხრეები, არიან დარჩენის მომხრეები. ფორუმი მკაცრად იერარქირებული პარტია არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის წევრებს ჭკუა არ დავეკითხოთ. პარტიაში უნდა იყოს საბრძოლო განწყობა და პარტიის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება,”- ამბობს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძის თქმით, პირადად გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა არ ახმოვანებს, რადგან მისივე თქმით, პარტიის წევრებზე ზეგავლენის მოხდენა არ სურს.

სანიკიძის განმარტებით, კოალიციები კონკრეტული მიზნით იქმნება:

“ჩვენ “ნაციონალური მოძრაობა” ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და ახლა მთავარი საკითხი ის არის, თუ რისთვის უნდა იყოს კოალიცია. ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული გამოწვევები, ძალიან მწვავედ დგება იდეოლოგიური საკითხებიც. ეროვნული ფორუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქცია რეგიონში. უსაფრთხოების საკითხები, რაც ხდება ჩვენგან ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეს საკითხები ძლიან გვაწუხებს და ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამაზე.”

იდეოლოგიურ სხვაობაზე საუბრისას სანიკიძე “რესპუბლიკურ” პარტიაზე აკეთებს აქცენტს:

“იგივე რესპუბლიკელები, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს ურთიერთობა მათთან, მეგობრბიც ვართ, მაგრამ იდეოლოგიური სხვაობები გვაქვს, ქართულ ოცნებასთან” ალბათ ნაკლებად, მაგრამ “ოცნება” მემარცხენე მიმდინარეობის პარტია არის, ჩვენ[ეროვნული ფორუმი] მკაცრად გამოკვეთილი მემარჯვენე პარტია ვართ,” – ამბობს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძე ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნო პროცესში ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდება:

“ამას ვლაპარაკობ ვეტერანი მსხვერპლი, ჩემზე ასეთი შემოტევა იყო 4 წლის წინ. ოპტიმისტი ვერ ვიქნები, როგორც ჩანს, [საარჩევნო] პროგრამები ნაკლებად იქნება საინტერესო, უფრო საიტნერესო იქნება ფარული ჩანაწერები. როგორც ჩანს, ეს იქნება ძალიან ბინძური საარჩევნო კამპანიები. სამწუხაროა ეს ჩემთვის, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. ჩვენ ამას უნდა გადავეჩვიოთ. ძალიან ბევრს აწყობს ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, პერსონებს არ ვგულისხმობ, არამედ ძალებს ქვეყნის შიგნით და გარეთ. ქვეყნის გარეთ ერთ და ორ ქვეყანას არ ვგულისხმობ. ძალიან ბევრისთვის არ არის მისაღები, საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა, ამიტომ ყველანაირად შეეცდებიან ქვეყანა არიონ.”

მიიღებს თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად? – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას წინ უსწრებდა დაპირისპირება გოგი თოფაძესა და მრეწველთა პარტიასთან. გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა. კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების პროცესში პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი განცხადება გააკეთა: 19 თებერვალს მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და მთელ მთავრობას სცხებს ჩირქს, ხოლო 3 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერთან შეხვედრა და“ქართული ოცნების” პარტიასთან ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ “რესპუბლიკური მოძრაობის” გადწყვეტილებიდან, როგორიც არ უნდა იყოს ის, “ტრაგედია არ უნდა შევქმნათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი