ახალი ამბები

ბურჯანაძე: უვიზო რეჟიმის არჩევნებთან მიბმა სერიოზული ნიშანია იმისა, რასაც მე ვამბობდი

28 მარტი, 2016 • 1609
ბურჯანაძე: უვიზო რეჟიმის არჩევნებთან მიბმა სერიოზული ნიშანია იმისა, რასაც მე ვამბობდი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებას დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, შენგენის ზონის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმების 2016 წლის არჩევნებთან მიბმა ძალიან სერიოზული ნიშანია იმისა, რასაც თავის დროზე ამბობდა, რომ “ვიზალიბერალიზაცია პრობლემური იქნება ჩვენი ქვეყნისათვის”.

„ამ დღეებში ისევ გააქტიურდა თემა ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე მინდა ისევ ხაზგასმით აღვნიშნო ის გარეოება, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ეუბნებიან ბოლომდე სიმართლეს. ხელისუფლება ქმნის ყალბ მოლოდინებს. უკვე გაჩნდა ახალი მოსაზრებები, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი მიებმება არჩევნების ჩატარების საკითხს. ეს უკვე ძალიან სერიოზული ნიშანია იმისა, რასაც მე ვამბობდი, რომ, სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ვიზალიბერალიზაცია პრობლემური იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- მა 26 მარტს მაყურებელს შესთავაზა ინტერვიუ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან. ამ ინტერვიუს მიხედვით, საქართველო ვიზის ლიბერალიზაციას არა ზაფხულისთვის უნდა ელოდოს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგანაც “რუსთავი 2”-ის კითხვაზე, “დაუჭერს თუ არა ევროპის სახალხო პარტია მხარს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას”, პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ასე პასუხობს:

“ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო ის, რომელმაც დაიწყო და წინ წაწია სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით”.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ვერც ერთ შემთხვევაში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ზაფხულში ვერ დაწესდება, რისი მოლოდინიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო წევრებს აქვთ.

“ჩვენ უნდა ვუთხრათ მოსახლეობას – კიდეც რომ იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მას სჭირდება 28 სახელწიფოს პარლამენტების მიერ რატიფიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანწილად გაიწელება და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება რამდენიმე თვეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს სიმართლე თუ არ ვთქვით, ეს რამდენიმე თვეც გავა და ყველანი დავინახავთ, რომ რასაც მე ვამბობ, სწორედ ეს არის სიმართლე და არა ის, რასაც ხელისუფლება გვეუბნება“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზაფხულისთვის მოელის. ევროკომისიამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად 2016 წლის 9 მარტს წარსდგა. შესაბამისი დოკუმენტი ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური [სამოქმედო გეგმა] ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას): საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი