საზოგადოება

ივლისში რუსეთიდან 156 737 მოქალაქე შემოვიდა – რას აჩვენებს სტატისტიკა

9 აგვისტო, 2022 • 3069
ივლისში რუსეთიდან 156 737 მოქალაქე შემოვიდა – რას აჩვენებს სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.

ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი ათასით ჩამორჩება პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს.

კერძოდ, 2019 წლის ივლისში 159 063 მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან, 2020-21 წლებში კი, პანდემიის შეზღუდვების გამო, 4 191 და 25 059 ადამიანი.

შარშანდელთან შედარებით ცვლილება 525.5%-ია, 2019 წელთან შედარებით კი , -2.32%.

ამასთან, 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა; ჯამში, იანვარ-ივლისში ქვეყანაში 2 344 329 ტურისტი შემოვიდა.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგ მოდიან სომხეთი (ივლისში 103 906), თურქეთი (ივლისში 95 989 ადამიანი).

ტურიზმის ადმინისტრაცია ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციას.


უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის ფონზე, საქართველოში მიმდინარეობს დისკუსია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. ამჟამად მათ უვიზოდ შეუძლიათ საქართველოსთან მიმოსვლა და ქვეყანაში მათი შემოშვების საკითხს საზღვარზე წყვეტს მესაზღვრე.

სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი სავიზო რეჟიმის მოთხოვნით გამოდის, რასაც „ქართულ ოცნებაში“ ეწინააღმდეგებიან და „ირაციონალურს“ უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოსულთა დიდი ნაწილი მალევე ტოვებს საქართველოს .

სავიზო რეჟიმის მომხრეთა შორის არის პოლიტიკური პარტია „ლელო“, რომელმაც ხელისუფლებას მიმართა 3 ინიციატივით – რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ:

  • ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი.
  • შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი.
  • შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

8 აგვისტოს ექსპრემიერმა, პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას.

სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეების ნაწილი ხაზს უსვამს, რომ მათი ინიციატივა არ არის მიმართული ტურისტების ნაკადის ხელშეშლისკენ და ის ემსახურება საქართველოს მოქალაქეების წინაშე გაჩენილი ეკონომიკური რისკების (უძრავი ქონების/ქირის ფასის ზრდა, სამუშაო ადგილებზე კონკურენციის ზრდა) დაზღვევას, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ცხოვრებისა თუ დისტანციურ/ადგილზე მუშაობის ფონზე.

რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალხმრივად 2012 წლის მარტში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი