ახალი ამბები

შსს: ჩოხატაურში პრინტერით დაბეჭდილი ყალბი კუპიურების გასაღებას ცდილობდნენ

28 მარტი, 2016 • 2593
შსს: ჩოხატაურში პრინტერით დაბეჭდილი ყალბი კუპიურების გასაღებას ცდილობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი – 33 წლის გ.კ. და 39 წლის გ.ღ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის – გ.ღ-ს პირადი ჩხრეკისას 31 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 6 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა; ხოლო კვიჭიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას – 6 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყალბი კუპიურების თანხამ, საერთო ჯამში, 1040 ლარი შეადგინა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს. გასაღების მიზნით ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში“ 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს,”- აცხადებს შსს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. მათივე ცნობით, პოლიციამ ყალბი ფულის დასამზადებელი ორივე აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი