ახალი ამბები

ხარვეზები „სოფლის დახმარების პროგრამაში“

29 ივლისი, 2011 • 978
ხარვეზები „სოფლის დახმარების პროგრამაში“

”სოფლის დახმარების პროგრამას საქართველოში” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგელობა ეხმიანება და მიიჩნევს, რომ პროგრამაში სერიოზული ხარვეზები გამოიკვეთა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონიტორინგის მიზანი იყო, გამოერკვია, რამდენად აკმაყოფილებს სოფლის დახმარების პროგრამა კანონითა და მთავრობის შესაბამისი ბრძანებულებებით განსაზღვრულ მიზნებსა და პირობებს და რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად იხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და პარტნიორმა ჟურნალისტებმა 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის მაისამდე პერიოდში პროგრამის მონიტორინგი და სოფლის მაცხოვრებელთა გამოკითხვა ჩაატარეს. პროცესი განხორცილდა საქართველოს 5 რეგიონის 50 სოფელში.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ  პროგრამის შესრულებაში ჩართულ ადამიანთა საშუალო მაჩვენებელი მოსახლეობის 21-35 %-ს შეადგენს. ასევე, სოფლების ნაწილში პრიორიტეტების განსაზღვრა, ძირითადად, გამგეობისა და ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ასევე, გასატარებელი სამუშაოების დაუსრულებლობა. მაგალითად, აჭარის რეგიონის სოფელ ახალშენის გზის რეაბილიტაციისთვის 2010 წელს 31 800 ლარი გამოიყო. ამ თანხით ადგილობრივ არჩევნებამდე, 2010 წლის მაისში, დაიგო ერთი ფენა ასფალტი, გზის საბოლოო დასრულება კი ამ დრომდე არ მომხდარა.

ასევე, იმერეთის რაიონის სოფელ მაღლაკაში 2010 წელს 63  000 ლარი გამოიყო და გადაწყდა ბაღის რეაბილიტაციისთვის ფულის გამოყოფა და ერთ–ერთი უბნისთვის  წყლის მილების შეძენა. ორივე სამუშაო მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული–აღნიშნულია ანგარიშში.

”მთავრობამ უნდა აწარმოოს კონტროლი გამოყოფილ და  დახარჯულ ხარჯებზე. მნიშვნელოვანია, პროგრამაში უშუალოდ ჩართული იყოს სოფლის მოსახლეობა, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი სწორედ მათი ინტერესებია,”- განაცხადა ცენტრის ექსპერტმა რეზო საყევარიშვილმა.

როგორც რეზო საყევარიშვილი აცხადებს, აქამდე ბუნდოვანი და გაურკვეველია თანხების ხარჯვაზე კონტროლის მექანიზმი. ”ამის ნათელი დადასტურებაა კახეთის რეგიონის სოფელ ჭანდარში მომხდარი ფაქტი. აქ 5 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი–სასაფლაოს შემოღობვა – განხორციელდა. თუმცა,  სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელ ჭანდარის თანხებიდან 4924 ლარი დაიხარჯა სასაფლაოს იმ ნაწილის შემოსაღობად, რომელიც მეზობელ სოფელს ეკუთვნოდა,”- აღნიშნა ცენტრის ექსპერტმა.

პროგრამის პრიორიტეტების ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს სოფლებისთვის ყველაზე პრობლემური შიდა გზების უზრუნველყოფა და წყლით მომარაგებაა, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ დაფინანსებას საჭიროებს.

„სწორედ ამიტომ ფინანსდება ისეთი ვიწრო სფეროს ხარჯები, როგორებიცაა : სარიტუალო სახლის რემონტი, სასაფლაოს შემოღობვა და ა.შ. თუმცა, აღნიშნული ხარვეზების მოუხედავად, გამოკითხული სოფლის მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (88 %) მიიჩნევს, რომ პროგრამა უნდა გაგრძელდეს“–აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიში მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოსა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დახმარებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი