ახალი ამბები

ანონსი — 26 მარტი

25 მარტი, 2016 • 1394
ანონსი — 26 მარტი

წარმოგიდგენთ 26 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

12:00 საათზე, საქართველოსა და თურქმენეთის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველო-თურქმენეთის მეგობრობის ხეივანი გაშენდება. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოხდება ხეების დარგვა დენდროლოგიურ პარკში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თურქმენეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და თბილისის მერი დავით ნარმანია.

12:00 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე (თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე) ავტომოყვარულთა არასამთავრობო ორგანიზაციები და მოხალისეები აქციას გამართავენ. აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ფოტოგრაფი და ქვეითების უფლებების დამცველი გოგა ჩანადირი. აქციის მონაწილეები მძღოლებს მოუწოდებენ, რომ ტროტუარი ქვეითისაა და არ დაიკავონ ქვეითის კუთვნილი ტერიტორია. ასევე მოუწოდებენ საპატრულო პოლიციას, აღასრულოს კანონმდებლობა და მოახდინოს ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისგან ქვეითების სივრცის გათავისუფლება და საჭიროების შემთხვევაში მათი დაჯარიმება. აქციის მონაწილეები ტროტუარზე დაყენებულ ავტომობილის მძღოლებს სტიკერებს დაუტოვენებ, წარწერებით: “აქ არ გააჩერო! ტროტუარი ქვეითისაა!”

12:00 საათზე, „მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი, პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე და პარტიის საორგანიზაციო მდივანი კოკა გუგუშვილი ქარელში პარტიულ ორგანიზაციას დააფუძნებენ და მოსახლეობას შეხვდებიან. მისამართი: ქარელი, ჭავჭავაძის #3. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.

12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია მე-3 პავილიონში, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისების კონკურსში გამარჯვებულ 22 სკოლის 27 პროექტს დააჯილდოვებს. შეხვედრას დაესწრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

12:00 საათზე, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში თბილისის დენდროლოგიურ პარკში 650 ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერი დავით ნარმანია და თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმურატი. მისამართი: დენდროლოგიური პარკი (ქვედა მხარე).

13:00 საათზე, რუსთავის ავტობაზრობის „ავტოპაპას“ შესასვლელთან, რუსთავის ბაზრობის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ავტოდილერები საპროტესტო აქციას გამარავენ. ისინი გააპროტესტებენ სახელმწიფოს პოლიტიკას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე, ასევე განბაჟების სისტემის გაძვირებას და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს. ისინი მიმართავენ ხელისუფლებას, შეიცვალოს პოლიტიკა და მოხდეს მათი ზარალის კომპენსირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტოდილერები ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებით იმუქრებიან და მიმართავენ რადიკალურ ზომებს. საკონტაქტო პირი: ვასო ურუშაძე – 599024021.

15:00 საათზე, შარდენის ქუჩაზე, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ გამართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით, „ნუ მაბოლებ“! აქციის ძირითადი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევის აკრძალვა და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერება. ალიანსთან ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატთა გუნდი „შავფაროსნები“, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. საკონტაქტო პირი: ეკა ლომიძე – 551150773.

18:00 საათზე, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი სოლიდარობის ფონდთან ერთად, გიწვევთ საქველმოქმედო სპექტაკლზე „ინტრო“. ბილეთის ღირებულებაა 20 ლარი. სპექტაკლიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N182, მუშტაიდის ბაღი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი