ახალი ამბები

ოქრუაშვილის ფული და პოლიტიკა

26 ივლისი, 2011 • 6190
ოქრუაშვილის ფული და პოლიტიკა

“სიტყვა პოლიტიკის ამოჭრას ვაპირებდი, საერთოდ, ჩემი ცხოვრებიდან”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა თავის ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 22 ივლისს გავიდა და იქვე დასძინა, რომ დღეს უჭირს საუბარი იმაზე, თუ რას ეტყვის ის ხალხს ხვალ.

ოქრუაშვილის სათქმელის პროგნოზირება რომ რთული საქმეა, ამას ფარდა 2007 წლის  25 სექტემბრიდან აეხადა, მას შემდეგ, რაც მან ყოფილი მეგობარი და თანამოაზრე – მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და  მკვლელობების შეკვეთებშიც კი დაადანაშაულა.

ოქრუაშვილის პირველი განცხადება სააკაშვილის წინააღმდეგ
ოქრუაშვილის პირველი განცხადება სააკაშვილის წინააღმდეგ

ყოფილი მეგობრის საპასუხოდ მაშინ მიხეილ სააკაშვილს “მილიონობით დოლარი ფული” გაახსენდა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა მის მთავრობაში ყოფნის დროს დააგროვა:

“ერთი რაღაცა დაიმახსოვროს ყველამ: თუ ადამიანმა მოიპარა ფული; თუ ადამიანმა ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, რომელსაც ახლა ვქმნით; თუ ადამიანმა აიღო ბოლომდე თავზე ხელი სამართალთან მიმართებაში, რა ლაპარაკიც არ უნდა დაიწყოს, რა შანტაჟსაც არ უნდა მიმართოს, როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეს, რომ სრულიად  მიუღებელი დაგაბრალოს, რომ ტალახში ამოგსვაროს, სამართალი მაინც აღსრულდება და სახელმწიფო მაინც თავის როლს შეასრულებს.

შევარდნაძის გათახსირებულ მთავრობაში ვიყავი იუსტიციის მინისტრი, წამოვედი იქიდან, ჯიბეში მედო 100 ლარი. მახსოვს, ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისი რომ ვიქირავეთ, 50-50 ლარს ვაგროვებდით ყოველთვიურად მე და ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც ახლა პარლამენტში ზის. რანაირად უნდა გაეკეთებინა ვიღაცას ჩემს მთავრობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროს მილიონობით ფული და აღმოჩენილიყო მილიონობით დოლარი ფული”, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 29 სექტემბერს ოქრუაშვილის  ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

“ის ზღაპრები, რომლებიც მუდმივად ხელისუფლების ყვითელ პრესაში იწერება ჩემს სიმდიდრესთან დაკავშირებით,  არის ზღაპარი და მეტი არაფერი. მხოლოდ ზღაპარი და ჭორები… მე არ ვთვლი ჩემს თავს მდიდარ ადამიანად,” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა 2011 წლის 22 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

რა ქონებას ფლობს ირაკლი ოქრუშვილი? როგორ დააგროვა მან მილიონები, ან დააგროვა თუ არა საერთოდ და როდის და როგორ აღმოაჩინა ხელისუფლებამ, რომ ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ხელისუფალი ფულს იპარავდა, სახელმწიფოს ზიანს აყენებდა და ამ გზით მდიდრდებოდა? – “ნეტგაზეთი” ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.

ირაკლი ოქრუაშვილის ოფიციალურად დეკლარირებული ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება 2000 წლიდანაა შესაძლებელი.

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ პირველი დეკლარაცია ოქრუაშვილმა, როგორც იუსტიციის მაშინდელი მინისტრის – მიხეილ სააკაშვილის მოადგილემ, 2000 წლის 30 ნოემბერს შეავსო.

აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, ოქრუაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, ცხოვრობს დის – მაია ოქრუაშვილის კუთვნილ სახლში, რომელიც, თავის მხრივ, იმ პერიოდში “თავისუფლების ინსტიტუტში” მუშაობს იურისტად. ირაკლი ოქრუაშვილის სახელზე ირიცხება მხოლოდ 16 ათას– ლარიანი ავტომანქანა და 9000 ლარად შეფასებული ავეჯი.

თუმცა საბანკო ანგარიშზე უკვე დაგროვილი აქვს 80 ათასი აშშ დოლარი. ხელისუფლებაში მოსვლამდე ის კერძო სექტორში საქმიანობდა: ოქრუაშვილს პირველივე დეკლარაციაში აქვს მითითებული, რომ 1996 წლიდან იყო “ჯეოსელის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1998 წლიდან – სადაზღვევო კომპანია “ლონდონგეიტ საქართველო”–ს  პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ასევე, 1998 წლიდან – კ.ს. “ოქრუაშვილი და პარტნიორების” კომპლემენტარი. სხვათა შორის, 1999 წელს “ოქრუაშვილი და პარტნიორების” იურისტად იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს – ზურაბ ადეიშვილსაც აქვს ნამუშევარი რამდენიმე თვის განმავლობაში.

ამ დეკლარაციის შევსებიდან 5 თვის შემდეგ, 2001 წლის 30 აპრილს, ირაკლი ოქრუშვილი კიდევ ერთჯერ ავსებს დეკლარაციას, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე. აღნიშნულ დეკლარაციაში ოქრუაშვილის საბანკო ანგარიშზე თანხა 1500 დოლარით მცირდება და ის 78 500 დოლარს შეადგენს. აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაოსთვის 1700 ლარი გამოიმუშავა, ხოლო მივლინებებისთვის კი სახელწმიფო ბიუჯეტიდან 2450 აშშ დოლარი მიიღო.

ოქრუაშვილს ამავე დეკლარაციაში სხვა შემოსავლებიც აქვს მითითებული: 19 700 ლარი – “ჯეოსელისთვის” გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის და 3800 ლარი – როგორც “ერიქსონის” იურისტს.

ექვსი თვის შემდეგ, 2001 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილი (რომელსაც აღნიშნულ პერიოდში მითითებული აქვს, რომ დროებით უმუშევარია) საცხოვრებელ სახლს ყიდულობს თბილისში 123 600 ლარად. მის პირად ანგარიშზე კი თანხა 78 500 –დან 11 400 დოლარამდე მცირდება.

აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, ოქრუაშვილს, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, 3412 ლარი აქვს გამომუშავებული, მისი მივლინებები კი სახელმწიფო ბიუჯეტს 2850 ლარი, ევროპის საბჭოს კი – 1500 დოლარი დაუჯდა.

ამავე დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილის ფირმამ – “ოქრუაშვილი & პარტნიორები” შემოსავლის სახით 81 500 ლარი და 42 300 დოლარი მიიღო. თავად ოქრუაშვილმა კი, როგორც “ერიქსონის” იურისტმა – 1189.50 ლარი გამოიმუშავა.

“დროებით უმუშევრობას” ხელი არ შეუშლია ირაკლი ოქრუაშვილისთვის, რომ 4000 –ლარიანი შემოწირულობა გაეღო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ფონდისთვის. სააკაშვილი მაშინ 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდა.

არჩევნების შედეგად სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, ოქრუაშვილი კი – ამავე საკრებულოს წევრი, თუმცა ეს უკანასკნელი ქონებრივ დეკლარაციას 2003 წლის 30 დეკემბერს ავსებს.

ამ დროისთვის “ვარდების რევოლუციიდან” ერთ თვეზე ოდნავ მეტია გასული, პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებს, რამდენიმე დღეში კი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელშიც კენჭს მიხეილ სააკაშვილი იყრის.

ამ პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზეა შიდა ქართლში. აღნიშნული დეკლარაცია ოქრუაშვილს არასრულად აქვს შევსებული: მითითებული აქვს მხოლოდ ის, რომ ფლობს ფულად თანხას 3000 დოლარის ოდენობით, საცხოვრებელ სახლს თბილისში, 2 ავტომანქანას (5000 ლარიანსა და 22 ათას ლარიანს) და წილს სადაზღვევო კომპანია “ლონდონგეიტ საქართველო”–ში.

2004 წლის 14 იანვარს ირაკლი ოქრუშვილი საქართველოს გენერალურ პროკურორად ინიშნება. დეკლარაციას ის სამი თვის შემდეგ ავსებს და სწორედ მასში უთითებს იმ შემოსავლების შესახებ, რაც მან, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა (4717.28 ლარი) და პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში (210.39 ლარი) მიიღო. ამავე დეკლარაციის მიხედვით, ოქრუაშვილის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა 1840 ლარი შეადგინა, რასაც ემატება 7079.60 ლარი, რომელიც მას კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისთვის გრანტის სახით მიეცა. საგრანტო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 2004 წლის 20 თებერვალს გაფორმდა, საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ რეფორმებისა და განვითარების ფონდიდან ოქრუაშვილს ყოველთვიურად 1200 აშშ დოლარი ეძლეოდა სახელფასო დანამატის სახით.

ამას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილის მივლინებებისთვის 6562.28 ლარი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამავე პერიოდში ოქრუშვილის მეუღლე ირინა გორდელაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მუშაობს იურისტად და მის მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 25 636.02 ლარს შეადგენს.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ოქრუშვილის საბანკო ანგარიშზე ირიცხება 3519 დოლარი  და 986.40 ლარი, ასევე, ფლობს ფულად თანხას – 5280 აშშ დოლარისა და 300 ლარის ოდენობით.

საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ოქრუაშვილის მიერ 2004 წლის ბოლოს, 2005 და 2006 წლებში შევსებული დეკლარაციები განთავსებული არ არის, როდესაც მას საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის პოსტები ეჭირა. საჯარო სამსახურის ბიუროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეს  ტექნიკური ხარვეზის გამოა, რომელიც მალე აღმოიფხვრება.

ბოლოჯერ ირაკლი ოქრუაშვილი დეკლარაციას 2007 წლის 20 აპრილს  საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის რანგში ავსებს (ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრად 2006 წლის 10 ნოემბერს დაინიშნა. ერთ კვირაში კი. 17 ნოემბერს, მან თანამდებობა დატოვა, იმ მოტივით, რომ საზღვარგარეთ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განათლების მისაღებად გეგმავდა წასვლას).

ამ დროისთვის ოქრუაშვილის საკუთრებაშია 123 600 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, 9000 ლარად შეფასებული ავეჯი და 800– დოლარიანი პისტოლეტი “იერიხო”, რომელიც მას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აჩუქა.

აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მან წინა წელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესრულებული სამუშაოს შედეგად 31 725 ლარი გამოიმუშავა, მივლინებებისთვის კი  31 017 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე სამუშაოს შესრულებით მას მხოლოდ 700 ლარი აქვს გამომუშავებული.

დეკლარაციის შევსების პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილის საბანკო ანგარიშზე ირიცხება 32 425 ლარი, ხოლო მის ხელთ არსებული ფულადი თანხა შეადგენს 5000 დოლარს; უფრო სოლიდურად  გამოიყურება მისი ცოლის საბანკო ანგარიშები: 39 387 დოლარი და 25 479 ლარი “თიბისი ბანკში”, ხოლო “რესპუბლიკაში” – 1058 დოლარი. მასვე გააჩნია ფულადი თანხა 30 ათასი დოლარის ოდენობით.

ოფიციალურად სწორედ ამ ქონებით დატოვა 2006 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება.

ოქრუაშვილის არაოფიციალური და უკანონოდ დაგროვილი ქონების საკითხით სააკაშვილის ხელისუფლება 2007 წლის სექტემბრიდან დაინტერესდა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი პარტიის  – ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” – პრეზენტაცია გამართა და სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა.  ოქრუაშვილის მაშინდელმა განცხადებებმა ერთნაირად ჩააგდო შოკში როგორც საზოგადოება, ისე – ხელისუფლება.

– ”მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება ამა თუ იმ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”;

– ”მე დავაკავე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით გავათავისუფლე”;

– ”სააკაშვილს შინაგანი ზიზღი ამოძრავებს ქართული ეკლესიის მიმართ”;

– ”ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა ერთ-ერთი დაკარგული ტერიტორიის შემოერთებამდე, რომ არა პრეზიდენტის უუნარობა, სიმხდალე და ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი სააკაშვილის უსუსურობა, მიეღო პოლიტიკური და ისტორიული გადაწყვეტილება”.

ასეთი გახლდათ ოქრუაშვილის მიერ გაცხადებული ბრალდებების არასრული ჩამონათვალი.

ოქრუაშვილის ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 29 სექტემბერს გამოეხმაურა:

“ეს არის ნათელი გაკვეთილი პირადად ჩემთვის და ყველასათვის, რომ ხელშეუხებელი ადამიანები და შეუმოწმებელი ტერიტორიები არ უნდა არსებობდეს, აღარ არსებობს და არასდროს იარსებებს საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურამ თავდაცვის მინისტრობის დროს ქრთამის აღების, ფულის გათეთრების და სამსახურეობრივი გულგრილობის  ბრალდებების საფუძველზე დააკავა. იმავდროულად დაიწყო მოკვლევა ოქრუაშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებების გადამოწმების მიზნით, თუმცა ძალიან მალე პროკურატურამ გაავრცელა ირაკლი ოქრუაშვილის ვიდეო–ჩვენება, რომელშიც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა სააკაშვილისადმი წაყენებული ყველა ბრალდება უკან წაიღო და თავად აღიარა წაყენებული ბრალი, მხოლოდ – ნაწილობრივ:

”ვაღიარებ მხოლოდ გულგრილობას, კერძოდ იმას, რომ ჩემდამი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობას შესაძლოა არ გავუწიე ჯეროვანი კონტროლი”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა, რომელსაც  პროკურატურა ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში მონაწილეობასაც ედავებოდა.

ოქრუაშვილი აღიარებითი ჩვენების მიცემის დროს
ოქრუაშვილი აღიარებითი ჩვენების მიცემის დროს

2007 წლის 9 ოქტომბერს ოქრუაშვილი პატიმრობიდან 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, 11 ოქტომბერს კი ოქრუაშვილის პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის – “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრებმა განაცხადეს.

2007 წლის 1 ნოემბერს, ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ირაკლი ოქრუაშვილმა სასაქართველო დატოვა და ევროპაში გაემგზავრა. ვიზა მან საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მეშვეობით მიიღო.

5 ნოემბერს ოქრუაშვილი მორიგი ბრალდებების შტურმით დაბრუნდა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. მან “იმედის” გადაცემა “ღია ეთერში” გერმანიიდან განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის დროს აიძულეს, უარი განეცხადებინა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე და რომ ის სამართალდამცავებმა ”ძალით მიიყვანეს აეროპორტში” 1 ნოემბერს და ჩასვეს თვითმფრინავში.

მანვე უარყო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 10 მილიონი ლარი გადაიხადა გირაოს სახით. მისი თქმით, ათმილიონიანი გირაოს დიდი ნაწილი ”სააკაშვილის კარის ბიზნესმენმა” თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა, რომლის ბიზნესი, ოქრუაშვილის თქმით,  ფოთის პორტთან იყო დაკავშირებული.

ოქრუაშვილის მორიგ ბრალდებებს მეორე დღესვე, 6 ნოემბერს, გამოეხმაურა გენერალური პროკურატურა. კერძოდ, მაშინდელმა გენ. პროკურორმა ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ გირაოს ნაწილი – 6,5 მლნ ლარი –  გადაიხადა ოქრუაშვილის მეგობრის ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანიამ ”ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანიმ”, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაფარა თამაზ ნიჟარაძემ, ოქრუაშვილის ”მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა”.

”2006 წელს ნიჟარაძესა და ოქრუაშვილს შორის შედგა 135 სატელეფონო ზარი, 2007 წლის 5 თვეში –76 სატელეფონო ზარი. ”ვინმეებთან” ასეთი სიხშირით არ რეკავენ”, – განაცხადა გვარამიამ, ”ამას გარდა, ბატონი ოქრუაშვილისთვის გამოძიების პერიოდში მასზე დადგენილი მანქანა ”Volkswagen Phaeton”, რომლითაც ის სარგებლობდა, სწორედ ბატონი ნიჟარაძის ფირმის საკუთრებაშია”.

იმავე დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურმა ტელეკომპანიების საშუალებით გაავრცელა 20-წამიანი აუდიოჩანაწერი, რომელზეც, ხელისუფლების მტკიცებით, ასახული იყო ირაკლი ოქრუაშვილსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს – ბაჩო ახალაიას შორის 3 ნოემბერს შემდგარი სატელეფონო საუბარი:

”დახმარება გჭირდება?” კითხულობს მამაკაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილია. ”მე მგონი, დახმარება გჭირდება. შეხედე ერთი-ორი დღე და მერე მითხარი. მისმინე, უთხარი მიშას [მიხეილ სააკაშვილს], დაითხოვოს მთავრობა და მე დამნიშნოს პრემიერ-მინისტრად და აქციას დაგიშლით”.

ამის შემდეგ პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმ მოტივით, რომ ოქრუაშვილი დამატებითი დაკითხვისთვის გამოიძახეს, მაგრამ ის არ გამოცხადდა, რამაც უბიძგა მათ ოქრუაშვილი პატიმრობაში დაებრუნებინათ. 14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ  დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

2007 წლის 28 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილი ბერლინში დააკავეს, სადაც მას საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს. ქართული მხარე მის ექსტრადირებას მოითხოვდა, თუმცა 2008 წლის 10 იანვარს ის გერმანიამ საფრანგეთს გადასცა, რადგან თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ თავშესაფარს საფრანგეთს თხოვდა, იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ტერიტორიაზე საფრანგეთის ვიზით მოხვდა.

2008 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა და 11– წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაახლოებით ერთ თვეში კი, 2008 წლის 23 აპრილს, საფრანგეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აცნობა ოქრუაშვილს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე, თუმცა ამის შემდეგ პარიზის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა განიხილა ოქრუაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის სექტემბერში არ დაკმაყოფილდა და ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციაზე საქართველოს საბოლოო უარი უთხრა.

2009 წლის იანვარში ირაკლი ოქრუშვილის პოლიტიკურ გაერთიანებას ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისი ჩამოართვეს: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვანო წიკლაურმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ოქრუაშვილის თემა ამის შემდეგ ისევ გააქტიურდა, მხოლოდ მისი შიდაპარტიული დაპირისპირებების ფონზე: 2010 წლის 24 თებერვალს “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” დატოვა მისმა გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ, 2010 წლის სექტემბერში კი საერთოდ დაიშალა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება.

დაახლოებით ერთ თვეში, 2010 წლის 12 ოქტომბერს,  ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება – “ქართული პარტია” ჩამოაყალიბა. ამჯერად ოქრუაშვილის გუნდმა გააერთიანა: სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე.

“ქართული პარტიის მიზანი თავიდანვე იყო ამ ხელისუფლების შეცვლა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში ის საუბრობს იმის თაობაზე, რომ “იყო კონკრტული სცენარი, რომელიც ამ ხელისუფლებას მიაყენებდა ისეთ დარტყმას, რომელიც მას საბოლოოდ დაამთავრებდა.”

ეს დარტყმა “ქართულ პარტიას” ხელისუფლებისთვის 2011 წლის 25 მაისს უნდა მიეყენებინა, როდესაც საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაბრუნებულიყო.

“მიზეზი, რის გამოც მე საქართველოში ვერ დავბრუნდი, იყო ღალატი… სცენარი, რას ვაპირებდით, იყო გათქმული და მიტანილი ხელისუფლების ყურამდე… არის ადამიანი, რომელსაც გამოკვეთილად შეიძლება უწოდო მოღალატე  – ეს არის ლევან გაჩეჩილაძე – “გრეჩიხა”. ამოიღეთ ყველაფერი, ლევან გაჩეჩილაძის – “გრეჩიხას” ფინანსური მდგომარეობა 25 მაისამდე, რა ვალები ჰქონდა მას და 25 მაისის მერე – რა ვალები აქვს გასტუმრებული.

მე მესმის მშვენივრად, რომ 5 მილიონი დოლარი არის საკმაოდ დიდი თანხა, როდესაც კისერზე გაწევს ვალად და ამდენი მევალე დაგდევს, მაგრამ როდესაც შენ ამ მდგომარეობას იუმჯობესებ ხალხის და საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, ნაძირალა ხარ და მეტი არაფერი. აი, მისი ხელმოწერილი დოკუმენტი, რას ითხოვდა კვირების მანძილზე, ყოველ კვირა რა ჯდებოდა ლევან გაჩეჩილაძის შენახვა და მიეცით, მითხარით, რომ ეს არ არის მისი ხელნაწერი ( ხელნაწერი მოგვიანებით სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა  – რედ.)”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “ქართული პარტიის” ზემოთ აღნიშნული გეგმის ჩავარდნიდან თითქმის ორი თვის შემდეგ.

ამ ორი თვის მანძილზე კი, თავდაპირველად ლევან გაჩეჩილაძემ და კოკა გუნცაძემ დატოვეს “ქართული პარტიის” რიგები. შემდეგ კი, 2011 წლის 23 ივნისს, საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა რვაკაციანი ჯგუფი, რომელიც გამოძიების ვერსიით “ქართულ პარტიასთან” იყო დაკავშირებული და გეგმავდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. შსს–ს თქმით, ჯგუფს მაისის ბოლოს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებისას მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან “ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირში მყოფ რვა პირს, რომელთაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ედებათ ბრალი”, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით კი, 28 ივნისს, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და “ქართული პარტიის” ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით, რაც 6–დან 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  30 ივნისს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ქართული პარტიის ერთ–ერთ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

“26 ადამიანია დაჭერილი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. მართლა ვაპირებდი ყველაფრის დავიწყებას ამდენი რეპრესიის ფონზე”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ოქრუაშვილი ახსენებს სიტყვა “რეპრესიებს”, რომელსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში იყენებდნენ.  რატომ – ამ კითხვაზე პასუხის მოძიება რთული არ იქნება, თუკი იმ პერიოდის დაპატიმრებების სერიას გავიხსენებთ, რომელიც ოქრუაშვილის გენ. პროკურორობის დროს სატელევიზიო ეთერებით არც თუ იშვიათად გადაიცემოდა. ისე, როგორც ეს მოხდა დეპუტატ ბონდო შალიკიანის დაკავების დროს, რომელიც საცვლების ამარა კამერების თანხლებით  დააპატიმრეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ქუთაისში და ეს საზოგადოებას ტელევიით უჩვენეს.

“სიტყვა პოლიტიკის ამოჭრას ვაპირებდი, საერთოდ, ჩემი ცხოვრებიდან”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში. თუმცა, როგორც თავად თქვა, სოზარ სუბართან საუბრის შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მის პოლიტიკურ გაერთიანებას ძალების აღსადგენად დრო ჭირდება.

“არ ვიცი, რამდენი, სექტემბრის ბოლოს გვეცოდინება, შემოდგომის ბოლოს შევძლებთ თუ არა ბრძოლის განახლებას”, – განაცხადა მან.

მანამდე კი ირაკლი ოქრუშვილი, რომელსაც ქართულმა მართლმსაჯულებამ ბოლო სამი წლის მანძილზე უკვე ორჯერ შეუფარდა დაუსწრებლად პატიმრობა, საფრანგეთში, პარიზში აპირებს დარჩენას და ამბობს, რომ წინასწარ აღარასდროს იტყვის, თუ როდის დააპირებს საქართველოში დაბრუნებას.

“ვიცი 4 ენა, ვარ 37 წლის და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, თითოეულ ქვეყანაში ვიცნობ მინიმუმ ორ ადამიანს, რომელსაც საშუალო დონის გავლენა მაინც აქვს. შესაბამისად, საკითხი ჩემი – ვიარსებო თუ არა – ასე არ დგას, ამის პრობლემა მე არ მაქვს.

მე რომ გითხრათ ახლა – მამაჩემის პენსიით ვცხოვრობ–მეთქი აქ, უნამუსო ვიქნები და მაგას არ ვიკადრებ. არც ღვთის წყალობით არ ვცხოვრობ მარტო. მაქვს გარკვეული შემოსავალი და ამ შემოსავლით თავს ვინახავ. ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს ვინახავ ვიღაცეებს, ვისაც დახმარება ჭირდება. რაღაცეებში მყოფნის ეს თანხები, რაღაცეებში არ მყოფნის”, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი და იქვე დასძენს, რომ ის არ ხარჯავს ფულს მისი პოლიტიკური გაერთიანებისთვის: “პარტიას აფინანსებენ ადამიანები, რომლებსაც საჯაროდ ჩვენ არასდროს არ დავასახელებთ”.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი რვაწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე მხოლოდ რამდენჯერმე აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომა.  პირველად პრეზიდენტმა სიტყვა “შეცდომა” ახსენა   2007 წელს, როცა თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო მისი შეცდომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი