პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ახალ ანგარიშში, რომელიც 2015 წლის საანგარიშო პერიოდს ეხება, ცალკე თავადაა განხილული, თუ როგორ ახორციელებს აპარატი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ინსპექტორის აპარატში რეგულარულად ხორციელდება მიღებული სასამართლო განჩინებებისა და პროკურორის დადგენილებების როგორც სტატისტიკური, ასევე შინაარსობრივი ანალიზი.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სტატისტიკური თვალსაზრისით ყველაზე მეტად ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ყველაზე ნაკლები რაოდენობით დაფიქსირდა განჩინებები/დადგენილებები საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლსა და ინტერნეტ-ტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ ამონარიდს ინსპექტორის ანგარიშიდან, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ზედამხედველობას ეხება:
საგამოძიებო და ოპერატიული ორგანოების უფლებამოსილება, განახორციელონ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, დანაშაულის პრევენციისა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, თუმცა ეს უფლებამოსილება უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა უნდა იყოს კანონიერი მიზნის პროპორციული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეული უნდა იყოს გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერის და პროპორციულ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფარგლები (ინტენსივობა) ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე, 137-ე, 138ე და 1431-ე მუხლებით დადგენილია, რომ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებებში დაცული მონაცემების, ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა და შინაარსობრივი მონაცემების სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის მოსაპოვებლად სავალდებულოა არსებობდეს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება ან გადაუდებელი აუცილებლობისას პროკურორის მოტივირებული დადგენილება. კოდექსის 1432-ე მუხლით დადგენილი პრინციპები კი მიზნად ისახავს სამართლიანი ბალანსის დაცვას დანაშაულზე რეაგირებისას სახელმწიფო ინტერესსა და პიროვნების პირადი სივრცის ხელშეუხებლობას შორის.
2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი გავრცელდა დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა ავტომატურ დამუშავებაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიენიჭა ფარული საგამოძიებო მოქმედებების და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლის უფლებამოსილება. 2015 წლის 31 მარტიდან ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136, 138-ე მუხლებითა და 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება. გამომდინარე აღნიშნულიდან, ანგარიშში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მოცემულია 9 თვის განმავლობაში ინპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობა.
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტურად განსახორციელებლად, ინსპექტორის აპარატში ცალკე სტრუქტურულ ქვეერთეულად ჩამოყალიბდა სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი; სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება და სხვა.
2015 წლის 31 მარტიდან ასევე ამოქმედდა ინსპექტორის აპარატის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის კონტროლის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, განისაზღვრა შესაძლო ინციდენტების ჩამონათვალი, მათი ესკალაციის მატრიცა და ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზედამხედველობის განხორცილების მიზნით 24-საათიან რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება ინსპექტორის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, რომელიც უზრუნველყოფს ორეტაპიანი ელექტრნული სისტემისა და ლოკალური ინფორმაციული სისტემების ტექნიკურ მონიტორინგსა და მართვას. სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებამდე, მოწმდება მოსამართლის განჩინების/პროკურორის დადგენილების არსებობა და მასში მითითებული მონაცემების შესაბამისობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ელექტრონულად ინიცირებულ მოთხოვნასთან. მართლზომიერი გადაჭერის სისტემას მხოლოდ მონაცემების სრულად დამთხვევისას ეძლევა მოთხოვნილი არხის გახსნის და მოსმენის განხორციელებაზე თანხმობა. ამასთან, კონკრეტული სატელეფონო ნომრის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა მკაცრად კონტროლდება. სასამართლო განჩინებით ან პროკურორის დადგენილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს მოსმენის შეწყვეტას, ინსპექტორი ელექტრონული სისტემით ახდენს არხის დახურვას და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება/ჩაწერის შეწყვეტას.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე ზედამხედველობას ახორციელებს მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობითა და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემთა ბანკების კონტროლის ელექტრონული სისტემის ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე მუშაობა დასრულებული არ არის და 2015 წელს ვერ ხორციელდებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ კოპირებულ მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების ავტომატური მიწოდება ინსპექტორისათვის, კანონმდებლობით დაკისრებული საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კანონიერების შესწავლის მიზნით, 2015 ნოემბერში დაიწყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური ნაწილის შემოწმება.
ინსპექტორის აპარატში რეგულარულად ხორციელდება მიღებული სასამართლო განჩინებებისა და პროკურორის დადგენილებების როგორც სტატისტიკური, ასევე შინაარსობრივი ანალიზი.
ანალიზის შედეგად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ სტატისტიკური თვალსაზრისით ყველაზე მეტად ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ყველაზე ნაკლები რაოდენობით დაფიქსირდა განჩინებები/დადგენილებები საფოსტო/სატელეგრაფო გზავნილის კონტროლსა და ინტერნეტ-ტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებასთან დაკავშირებით.
ინსპექტორის აპარატში 2014-2015 წლებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე შემოსული მოსამართლეთა განჩინებების მცირე ნაწილში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში მოსამართლის განჩინებებში ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ვადა მითითებული არ იყო, ან იყო ცდომილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ან განმახორციელებელი ორგანოს მონაცემებში. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ვადის გაგრძელების შემთხვევაში არ იყო მითითებული კონკრეტული ვადა. 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, აღნიშნული მიზეზების გამო თვეში საშუალოდ 4 შემთხვევაში არ მოხდა მოთხოვნილი არხის გახსნის და მოსმენის განხორციელებაზე ინსპექტორის მიერ თანხმობის გაცემა.
ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მოპოვებული მასალის განადგურების ოქმების აღრიცხვის მიზნით, ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავდა ტექნიკური არქიტექტურა და დაინერგა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის თაობაზე სასამართლო განჩინებებისა და უკანონოდ ცნობილი მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ პროკურატურის ოქმების ასახვა, შედარება და ანალიზი.
2015 წელს გამოვლინდა 26 შემთხვევა, როდესაც დროულად არ იქნა წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე მოპოვებული და უკანონოდ ცნობილი მასალის განადგურების ოქმები. ინსპექტორის მიმართვის შედეგად საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. გაიმართა რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიეცა რეკომენდაციები ინსპექტორისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ ოქმების მოწოდების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ცალკე წარმოებს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ სამართალდამცავი ორგანოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემის (როდესაც გადაცემა არ ხორციელდება ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით) შესახებ ინფორმაციის დამუშავება. კანონის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა აცნობონ სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის გადაცემიდან 24 საათში. 2015 წლის დასაწყისში ჩატარდა რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა ელექტრონული კომუნიკაციების განმახორციელებელ კომპანიებთან და განისაზღვრა ინსპექტორის აპარატში წარმოსადგენი ინფორმაციის ერთიანი სტანდარტული ფორმა და პროცედურა.