ახალი ამბები

ბელგიის პროკურატურა: ტერაქტში მონაწილე მესამე პირის ძებნა გრძელდება

23 მარტი, 2016 • 1287
ბელგიის პროკურატურა: ტერაქტში მონაწილე მესამე პირის ძებნა გრძელდება

ბელგიის ფედერალური პროკურორის, ფრედერიკ ფონ ლეუვის განცხადებით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს თავი თვიმკვლელმა ტერორისტმა იბრაჰიმ ელ-ბაკრაუმ აიფეთქა. ლეუვი ასევე აცხადებს, რომ პოლიციის ვარაუდით, მეტროსადგურზე ხალიდ ელ-ბაკრაუმ აიფეთქა თავი. გამოძიების პირველ ეტაპზე დგინდება, რომ აფეთქებებში მონაწილეობა იმ ძმებმა მიიღეს, რომელთა ფოტოც მედიით გუშინ გავრცელდა.

პროკურორი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ აფეთქებებში მონაწილე მესამე პირი პოლიციას არ დაუკავებია, იგი გაიქცა, რადგან მისი დეტონატორი არ ამუშავდა. პოლიციამ მისი ზუსტი ვინაობა არ იცის. ბელგიური მედიის ცნობით კი, მესამე პირი ნაჯიმ ლეჰრევია.

პროკურორის ინფორმაციით, საბოლოო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად დაშავდა 270 და გარდაიცვალა 31 ადამიანი, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობის მატება მოსალოდნელია, რადგან დაშავებულთა შორის არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტებიც.

22 მარტს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე, ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი