ახალი ამბები

მეჭიაური: ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახევენ მოსახლეობის უმრავლესობის აზრს

23 მარტი, 2016 • 1106
მეჭიაური: ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახევენ მოსახლეობის უმრავლესობის აზრს

“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახევენ მოსახლეობის უმრავლესობის აზრს,” – ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური “ეს შენ გეხებას” კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებას ფარული მიყურადების საკითხზე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესახებ.

“კონსულტაციები შეიძლება ყველა საკითხზე და ყველა თემაზე არსებობდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონსულტაცია აუცილებლად იმ შედეგით უნდა დასრულდეს, რა შედეგიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ. მით უმეტეს, თუ ეს ორგანიზაციები არ ასახავენ მოსახლეობის უმრავლესობის აზრს. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მაშინ [წინა ხელისუფლების დროს] აბსოლუტურად ლოიალურად იყო განწყობილი ადამიანის უფლებების მთელ რიგ დარღვევებთან, ახლა ცდილობს იგივე ხელისუფლების[ნაციონალური მოძრაობის] დატოვებული თემებით მანიპულირებას,”- აღნიშნავს მეჭიაური.

მეჭიაურის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მიმართულებით ხელისუფლების რეაგირება ადეკვატური არ ყოფილა:

“თავის დროზე რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა ამ თემაზე[პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება], არ იყო ადეკვატური, ალბათ საჭირო იყო უფრო არა განადგურება მაშინ, არამედ იმ პირების მოძიება და დასჯა, ვინც ასეთ ამაზრზენ საქციელს ჩადიოდნენ და ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო განადგურება და ასე შემდეგ. დღესდღეობით, ერთი მხრივ, დარჩა ეს ყველაფერი, შეიძლება განადგურდა აქეთა [ხელისუფლების ხელთ არსებული] ნაწილი, მაგრამ ვერ განადგურდებოდა ის ნაწილი, რომელიც დიდი ალბათობით გატანილია[საზღვარგარეთ], შეიძლება ადგილზეცაა და ეს შანტაჟის თემაა.”

შეიცვალოს მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს ობიექტურად გამოიძიებს – ეს არის „ეს შენ გეხებას“ წევრი უფლებადამცველი ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა დღეს.

“ეს შენ გეხება” შეხვედრებს და კონსულტაციებს სთავაზობს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც მხარს უჭერს უკანონო თვალთვალის შესახებ კანონმდებლობის შეცვლის და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივას.

კამპანიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივა საარჩევნო პროგრამებში გაითვალისწინონ და პარლამენტში წინადადების წარდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი