საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ქეთი ქარდავა ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა. აფეთქების შემდეგ, ქეთი ქარდავას თქმით, პოლიციამ აეროპორტში მყოფები საევაკუაციო დარბაზში გადაიყვანა და იქ დაკითხა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრამდე გადაადგილებისა და ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩართვის უფლება პოლიციის თანხლებით მისცეს.
ქარდავას თქმით, ამ დრომდე პოლიცია არც ერთ მგზავრს, რომელიც აეროპორტში აფეთქების დროს იმყოფებოდა, ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევს.
როგორც ქეთი ქარდავა ამბობს, ქალაქში დაცვა რამდენიმე დღის განმავლობაში გაძლიერებული იყო. პარიზის ტერაქტის მონაწილის, სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ და აფეთქებამდეც აეროპორტში პოლიციის დამატებითი დანაყოფები პატრულირებდნენ.
ჟურნალისტმა აეროპორტში აფეთქების შემდეგ გადაღებული ფოტოები ფეისბუკის საკუთარი გვერდით გაავრცელა
ისევ აეროპორტში
Posted by Ketevan Kardava on Tuesday, March 22, 2016
აფეთქებაააა ბრიუსელის აეროპორტში. ესიყო კატასტროფაააააა. სრული პანიკააააააეროპორტში
Posted by Ketevan Kardava on Tuesday, March 22, 2016
ბრიუსელში გაძლიერებულია უსაფრთოების ზომები. ქალაქის მთავრობამ მოქალაქეებს მკაცრად მოსთხოვა არ დატოვონ შენობები.
ბოლო მონაცემებით, 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა და 170-მდე დაჭრილია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბელგიური მედია ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილების სავარაუდო ფოტოს აქვეყნებს.
ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.