ახალი ამბები

ბარაკ ობამა ბელგიელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

22 მარტი, 2016 • 1336
ბარაკ ობამა ბელგიელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

“ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ დავამარცხებთ ყველას, ვინც საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოში ხალხის უსაფრთხოებას,” – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შეფასებისას. ობამა მხარდაჭერას უცხადებს ბელგიას. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის დასახმარებლად, რათა დამნაშავეები დაისაჯონ:

“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და ვგმობთ უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმის ფაქტს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი პატრნიორისა და მოკავშირის დასახმარებლად, რათა ყველა, ვინც მომხდარზე პასუხისმგებელია, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მომხდარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს – ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ რასის, ეროვნების, მრწამსის მიუხედავად და ვებრძოლოთ ტერორიზმს,” – აცხადებს ბარაკ ობამა.

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 08:00 სთ.-ზე ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 26-ს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი