ახალი ამბები

რეზერვის ახალი კონცეფცია, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურთან ერთად იმოქმედებს

24 მარტი, 2016 • 4024
რეზერვის ახალი კონცეფცია, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურთან ერთად იმოქმედებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სამი სახის რეზერვი: არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების.

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, გიორგი თავდგირიძის განმარტებით, რეზერვის ეს კონცეფცია, ამოქმედების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პარალელურად იმუშავებს.

“სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საბრძოლო ქვედანაყოფებში ადამიანს იწვევენ, ასრულებენ სავალდებულო სამსახურს და აღრიცხვაზე არიან. მათ შეუძლიათ თავიანთი ნებით განაცხადონ ტერიტორიულ რეზერვში სამსახურის შესახებ. თუ ასეთ სურვილს არ გამოხატავენ, იქნებიან სამობილიზაციო რეზერვში. შესაბამისად, ომის შემთხვევაში, თუ ძალიან გაჭირდა, გადამზადების შემდგომ დანაკარგების შესავსებად იქნებიან გამოყენებული”, – ამბობს გიორგი თავდგირიძე.

სამინისტროს განმარტებით, რეზერვის პირადი შემადგენლობის წვრთნების დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 45 (ან შესაძლოა 60) დღეს. კონცეფცია რეზერვის ყველა სახეობისთვის ითვალისწინებს ორი სახის წვრთნების ორგანიზებას: საბრძოლო ინტენსიურს და სამობილიზაციო მოკლევადიანს.

დოკუმენტის მიხედვით, ინტენსიური წვრთნები განხორციელდება უშუალოდ კონკრეტული კატეგორიის ამოცანების გათვალისწინებით. წვრთნების მიზანია, რეზერვისტებისთვის სამხედრო-პროფესიული უნარ- ჩვევების გაუმჯობესება. 1-2 დღიანი სამობილიზაციო წვრთნები განხორციელდება წელიწადში რამდენიმეჯერ, წინასწარ დადგენილი სქემით.

არმიის რეზერვის ამოცანები იქნება შეიარაღებული ძალების გაძლიერება და საბრძოლო დანაკარგების შევსება. არმიის რეზერვში სამხედრო სამსახურის ვადაა 3 წელი, ხოლო ზღვრული ასაკი- 50 წლის ჩათვლით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის არმიის რეზერვში მსახურება იქნება ნებაყოფლობითი, თუმცა, კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეებისთვის სავალდებულო.

“რაც შეეხება არმიის რეზერვს, სავალდებულოა, თუმცა ეს ვალდებულება არ წარმოიშობა ყველასთვის. არმიის რეზერვში შევლენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახურის გარკვეული პერიოდი. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საბაზისო მომზადება და სპეციალური მომზადება. როცა ისინი კონტრაქტს ამოწურავენ და ასრულებენ სამხედრო სამსახურს, გარკვეული პერიოდი ვალდებული არიან იყვნენ არმიის რეზერვში. ამაში მიიღებენ ხელფასს”, – განაცხადა თავდგირიძემ.

კოცენფციის მიხედვით, არმიის რეზერვში ძირითადად ჩაირიცხებიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან და კადრის სამხედრო სამსახურიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში დათხოვილი პირები, რომლებიც ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობით აკმაყოფილებენ რეზერვის მოთხოვნებს.

5 წელზე მეტი ხნით დათხოვილი პირები იმ შემთხვევაში ჩაირიცხებიან არმიის რეზერვში, თუ მათ სპეციალობებზე საკმარისი კადრები არ არის. ასევე, იარსებებს როტაციის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიული რეზერვიდან არმიის რეზერვში კონკრეტულ პირებს გადაიყვანენ, თუ იგი აკმაყოფილებს არმიის რეზერვის მოთხოვნებს.

ტერიტორიული რეზერვის ამოცანებია სახმელეთო ჯარების დახმარება, შსს-სა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება ბუნებრივი კატასტროფების დროს, მოსახლეობისა და რესურსების ევაკუაცია საჭიროების შემთხვევაში, საკვანძო და მნიშვნელოვანი მიმართულებების, ობიექტებისა და აღჭურვილობის დაცვა, ზურგის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.

ტერიტორიულ რეზერვში მონაწილეობის ვადებია 5 ან 7 წელი, ნამსახურობის ვადების გათვალისწინებით, ხოლო ზღვრული ასაკი- 55 წლის ჩათვლით.

ტერიტორიული რეზერვი დაკომპლექტდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვილი პირებით, ან იმ პირებით, რომლებიც 5 წელზე მეტია დათხოვილი არიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიულ რეზერვში ჩაირიცხებიან სამხედრო გამოცდილების არმქონე პირები და ისინი სამხედრო სამსახურს მოიხდიან სავალდებულო სარეზერვო სამსახურის გავლით.

ტერიტორიული რეზერვი განსაკუთრებით აქტუალური გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისა და შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო საფუძველზე სრულად გადასვლის შემთხვევაში- აღნიშნულია კონცეფციაში.

სპეციალისტების რეზერვის ამოცანებია შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და სხვა საორგანიზაციო ღონისძიებების მხარდაჭერა ომისა და მშვიდობის დროს. სპეციალისტების რეზერვში მსახურების ვადა დამოკიდებულია ინდივიდუალურ ხელშეკრულებაზე, რომელიც რეზერვისტთან დაიდება, თუმცა მინიმალური ვადა – 3 წელი, ხოლო მაქსიმალური 7 წელი იქნება. ზღვრული ასაკი იქნება 65 წელი.

სპეციალისტების რეზერვში მოქალაქეების გაწევრიანების დროს ყურადღება მიექცევა რეზერვისტთა სამოქალაქო სპეციალობების სპეციფიკას და პროფესიულ კვალიფიკაციას. ასევე, სპეციალისტების რეზერვში აღრიცხვაზე აიყვანენ პირებს, რომლებმაც მოიხადეს კანონით გავთალისწინებული სამხედრო ვალდებულება.

საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების რეზერვის პირადი შემადგენლობა გაივლის უშუალოდ მისიაზე ორიენტირებულ წვრთნებს ძირითად საბრძოლო ქვედანაყოფებთან, აცხადებს სამინისტრო.

კონცეფცია მოიაზრებს რეზერვის ოფიცერთა შემადგენლობის შექმნას, რომელსაც დააკომპლექტებს სამხედრო ძალებიდან დათხოვილი ოფიცრები, მათი ნამსახურობის მასახიათებლებისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. რეზერვის ოფიცერთა შემადგენლობაში შევლენ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები და სპეციალური პროგრამით მომზადებული პირები, არაოფიცერი რეზერვისტებიდან შერჩეული და რეზერვის უმცროს ოფიცერთა სპეციალური პროგრამით მომზადებული პირები.

საქართველოს სამხედროები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ემზადებიან ავღანეთში გასამგზავრებლად. 24.03.2016 © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

საქართველოს სამხედროები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ემზადებიან ავღანეთში გასამგზავრებლად. 24.03.2016 © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

სამინისტროს განმარტებით, ახალი კონცეფციის მიზანია ახალი გამოწვევებისა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ეტაპობრივად დახვეწონ რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, რომელიც საქართველოს მცირერიცხოვან სამხედრო კონტიგენტს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მხარს დაუჭერს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ კონცენფციის შემუშავებისას გათვალისწინებულია 1993-2012 წლებში შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესების ანალიზი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიღებული გამოცდილება და ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილება რეზერვის ფორმირებასა და განვითარებასთან დაკავშირებით.

კონცეფციის მიღების პარალელურად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჭიროა არსებულ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების შეტანა, რომლებიც არეგულირებენ რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას.

კონცეფცია ითვალისწინებს სახელმწიფო სამობილიზაციო მაკოორდინებელი სტრუქტურის შექმნას, რომელიც სახელმწიფო დონეზე უხელმძღვანელებს და გააკონტროლებს საფეხურობრივ და კატეგორირებულ სამობილიზაციო დაგეგმვას და უზრუნველყოფს უწყებებს შორის კოორდინაციას.

კონცეფიის მიხედვით იარსებებს სამობილიზაციო გეგმები, სულ მცირე, 4 კატეგორიის:

  1. გენერალური სამობილიზაციო გეგმა, რომლის ბიუჯეტის პროექტს უნდა ამტკიცებდეს საქართველოს პარლამენტი.
  2. სამინისტროებისა და სხვა უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების სამობილიზაციო გეგმები
  3. თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვანი სამინისტროების ძირითადი კომპონენტების სამობილიზაციო გეგმები.
  4. დარგობრივი სახელმწიფო სტრუქტურებისა და  მუნიციპალური თვითმმართველობების სამობილიზაციო გეგმები.

სამინისტროს მიხედვით, გეგმები დაღმავალი პირნციპით უნდა ისახებოდეს. პირველი კატეგორიის სამობილიზაციო გეგმის მიზნებიდან უნდა გამომდინარეობდეს მეორე კატეგორიის სამობილიზაციო გეგმის მიზნები.

კონცეფციის მიხედვით, ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე მობილიზაციის სახე შეიძლება იყოს ნაწილობრივი, სრული ან საყოველთაო მობილიზაცია, ხოლო განხორიცელების მიხედვით – ღია ან ფარული.

თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რეზერვისტების პირადი და სოციალური უფლებების დასაცავად უნდა შეიქმნას კანონქვემდებარე და შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტები, რომლებიც შეეხება რეზერვში სავალდებულო სამსახურის ინდივიდუალური ვადის დადგენის და რეზერვის კატეგორიებს შორის გეგმიური როტაციის წესს.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ გათვალისწინებულია რეზერვისტებისთვის ანაზღაურებისა და ჯილდოს, ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმები დისციპლინისა და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით.

კონცეფციის დოკუმენტი, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, რომელსაც არასამთვრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებასთან კონსულტაციების შედეგად დახვეწის შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი