ახალი ამბები

საარჩევნო სიაში კანდიდატთა 50% იყოს ქალი – სააკაშვილის რჩევა ენმ-ს

21 მარტი, 2016 • 1413
საარჩევნო სიაში კანდიდატთა 50% იყოს ქალი – სააკაშვილის რჩევა ენმ-ს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, რომ საარჩევნო სიის 50 პროცენტი ქალი კანდიდატები დაასახელოს. ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს:

“ჩემი აზრი და რჩევა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ახალი ტენდენციების საფუძვლის ჩამყრელი და ახლაც უნდა გამოვიდეს რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი.  ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლს ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის.  დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ”, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.

მიმდინარე წლის მარტში ერთი წელი გავიდა, რაც საინიციატივო ჯგუფმა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად საპარლამენტო გენდერული კვოტირების ადვოკატირების კამპანია დაიწყო, თუმცა პროცესი წინ ვერ მიდის. ქალთა მოძრაობაში ფიქრობენ, რომ პარლამენტი კანონპროექტის “თაროზე შემოდების რეჟიმში” მოქმედებს და დეპუტატების გამოსაფხიზლებლად ახალ კამპანიას იწყებენ. სრულად “პარლამენტის თაროზე შემოდებული” გენდერული კვოტირების საკითხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი