საქართველოს მთავრობის 20–წევრიანი შემადგენლობის შრომის ანაზღაურებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან იმაზე თითქმის ორჯერ მეტი იხარჯება, რაც რეალურად, კანონითაა დადგენილი, რომელიც მინისტრების თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს.
“ნეტგაზეთი” გაეცნო საქართველოს მთავრობის წევრების მიერ 2011 წელს შევსებულ დეკლარაციებს, რომელშიც თანამდებობის პირებს 2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აქვთ მითითებული.
მთავრობის წევრების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ მათ სამუშაოს შესრულებით შემოსავლის სახით გასულ წელს 1 524 247.44 ლარი მიიღეს, კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად კი, მათ 666 127.44 ლარით ნაკლები, ანუ 858 120 ლარი უნდა მიეღოთ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ გასულ წელს მისმა სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 99 500 ლარი. მინისტრის თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” გამოითხოვა. პასუხად არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის #43 ბრძანებულება გამოუგზავნეს “აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”.
აღნიშნულ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 3540 ლარით, ანუ წელიწადში 42 480 ლარით. ხათუნა კალმახელიძემ კი, მის მიერვე შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შარშან 57 020 ლარით მეტი მიიღო.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” შარშან სხვა მინისტრების თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია. წერილობით განცხადებებს მხოლოდ სამი სამინისტრო არ გამოეხმაურა: განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ამ უკანასკნელ უწყებას კობა სუბელიანი ხელმძღვანელობს. სუბელიანს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ გასულ წელს მან სამუშაოს შესრულების შედეგად 93 290 ლარი მიიღო შემოსავლის სახით. პრეზიდენტის ბრძანებულებით მისი წლიური თანამდებობრივი სარგო 42 480 ლარით არის განსაზღვრული, გასულ წელს კი, რეალურად, მან 50 810 ლარით მეტი გამოიმუშავა.
დიმიტრი შაშკინს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული აქვს 70 800 ლარის შემოსავალი, ანუ 28 320 ლარით მეტი, რაც მას, როგორც მინისტრს, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად უნდა მიეღო თანამდებობრივი სარგოს სახით.
ბაჩო ახალაიას კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს (რომლის უწყებამაც, შაშკინისა და სუბელიანის უწყებების მსგავსად, ასევე, არ გასცა ინფორმაცია მისი სარგოსა და სახელფასო დანამატის შესახებ) შარშან 57 348 ლარი აქვს გამომუშავებული, დეკლარაციის მიხედვით, ანუ დადგენილ სარგოზე 14 868 ლარით მეტი.
დეკლარაციის მიხედვით, 95 828.2 ლარი აქვს მიღებული გასულ წელს სამუშაოს შესრულების შედეგად საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს, დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე 53 348.2 ლარით მეტი.
საქართველოს კულტურის მინისტრს ნიკა რურუას დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შარშან მან სამუშაოს შესრულების შედეგად 88 000 ლარი გამოიმუშავა, დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე 45 520 ლარით მეტი.
დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე 42 480 ლარით მეტი აქვს მიღებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს. დეკლარაციის მიხედვით, შარშან მან 84 960 ლარი გამოიმუშავა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 80 183.81 ლარი შეადგინა დეკლარაციის მიხედვით, დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე 37 703.81 ლარით მეტი.
ოდნავ ნაკლები და ჯამში, 77 880 ლარი აქვს გამომუშავებული, დეკლარაციის მიხედვით, ლადო ვარძელაშვილს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს.
77 059 ლარი მიიღო სამუშაოს შესრულების შედეგად გასულ წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე 34 579 ლარით მეტი.
ვანო მერაბიშვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ გასულ წელს მისმა სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 74 655 ლარი მაშინ, როდესაც მისი წლიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 42 480 ლარით.
ერთადერთი უწყება გარემოს დაცვის სამინისტრო აღმოჩნდა, რომელმაც “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს” დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის, პრემიის შესახებ, რომელიც მინისტრმა გოგა ხაჩიძემ 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ნოემბრამდე მიიღო: ხელფასმა 77 880 ლარი, პრემიამ კი – 52 580 ლარი შეადგინა.
გოგა ხაჩიძეს თანამდებობრივი სარგოს სახით გასულ წელს 42 480 ლარი უნდა მიეღო. დეკლარაციაში კი მითითებული აქვს, რომ შარშან მან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სახით 71 745 ლარი გამოიმუშვა.
დიმიტრი გვინდაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მანამდე მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეჭირა. დეკლარაციაში მას მითითებული აქვს, რომ შარშან მისმა სამუშაოს შესრულებით მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა 91 760 ლარი შეადგინა.
დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე მხოლოდ 6000 ლარით მეტი აქვს მიღებული შარშან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს. ბაკურ კვეზერელის დეკლარაციაში მითითებულია, რომ გასულ წელს მან 48 480 ლარი გამოიმუშავა.
ვერა ქობალიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე მხოლოდ 161 ლარით მეტი მიიღო, დეკლარაციის მიხედვით და ჯამში, სამუშაოს შესრულების შედეგად, გასულ წელს 42 641 ლარი გამოიმუშავა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს, რომ შარშან სამუშაოს შესრულებით მან ზუსტად იმდენი თანხა მიიღო, რამდენითაცაა განსაზღვრული მისი თანამდებობრივი სარგო, ანუ 42 480 ლარი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადეიშვილის უწყებას უარი აქვს ნათქვამი სახელფასო დანამატების, პრემიების გაცემაზე.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხელფასმა 2011 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 632 782 ლარი და პრემიამ – 295 360 ლარი, მთავარი პროკურატურის ხელფასმა – 2 681 888 ლარი და პრემიამ – 750 826 ლარი” – ეს ინფორმაცია თავად იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს”.
“აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის #43 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ისევე როგორც მინისტრის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 3540 ლარით.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრებს – გიორგი ბარამიძეს, ეკა ტყეშელაშვილსა და მირზა (პაპუნა) დავითაიას გასულ წელს 42 480 ლარი უნდა მიეღოთ ხელფასის სახით, თუმცა დეკლარაციების მიხედვით გასულ წელს სამუშაოს შესრულებით მირებულმა შემოსავალმა ბარამიძისთვის – 86 730, ტყეშელაშვილისთვის – 54 091.44 ლარი, დავითაიასთვის კი – 60 575 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს, მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული 4250 ლარით, რაც წელიწადში 51 000 ლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით კი, გილაურმა შარშან 75 241 ლარით მეტი, ანუ 126 241 ლარი გამოიმუშავა.
საქართველოს მთავრობის წევრებს – მინისტრებს, დადგენილი თანამდებობრივი სარგოების გარდა, უფლება აქვთ მიიღონ პრემიები. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ მინისტრების შრომის ანაზღაურებისთვის რეალურად ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები თითქმის ორჯერ აღემატება მათთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოებს.
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ–მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს მთავრობის წევრების წახალისების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის პრემირება, მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელებისა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის.
რეალურად ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება თუ არა მინისტრების პრემირება, ამის დადგენა იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ხელმისაწვდომი იქნებოდა ინფორმაცია ყოველი გაცემული პრემიის შესახებ ცალკეულ მინისტრზე თვეების მიხედვით. ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს ყველა სამინისტრო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ინფორმაცია თანამდებობის პირების პრემიების შესახებ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა, პერსონალური მონაცემების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ექვემდებარება დაცვას.
საქართველოს მთავრობა | კანონით დადგენილი | 2010 წელს სამუშაოს შესრულებით | სხვაობა | შენიშვნა |
ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ–მინისტრი | 51000 | 126241 | 75241 |
|
გიორგი ბარამიძე, ვიცე-პრემიერი,საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში | 42480 | 86730 | 44250 |
|
ეკატერინე ტყეშელაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში | 42480 | 54091.43 | 11611.43 |
|
რამაზ ნიკოლაიშვილი , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | 42480 | 80183.81 | 37703.81 |
|
დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი | 42480 | 91760 | 49280 | დეკლარაციის მიხედვით, 2010 წელს დამატაებით მიღებული აქვს 4960.0 EUR, |
მირზა დავითაია, საქართველოს სახელმწიფო | 42480 | 60575 | 18095 |
|
ვლადიმერ ვარძელაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი | 42480 | 77880 | 35400 |
|
გიორგი ხაჩიძე, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი | 42480 | 71745 | 29265 |
|
დიმიტრი შაშკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | 42480 | 70800 | 28320 |
|
ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და | 42480 | 42 641 | 161 |
|
ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | 42480 | 95828.2 | 53348.2 |
|
ბაჩანა ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი | 42480 | 57348 | 14868 |
|
ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს იუსტიციის | 42480 | 42480 | 0 |
|
ნიკოლოზ რურუა, საქართველოს კულტურისა და | 42480 | 88000 | 45520 |
|
კობა სუბელიანი, საქართველოს ოკუპირებული | 42480 | 93290 | 50810 |
|
გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი | 42480 | 84960 | 42480 |
|
ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | 42480 | 48480 | 6000 |
|
ივანე მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი | 42480 | 74655 | 32175 |
|
ანდრია ურუშაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი | 42480 | 77059 | 34579 |
|
ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი | 42480 | 99500 | 57020 |
|
სულ: | 858120 | 1 524 247.44 | 666127.44 |
|
ამავე თემაზე: