ახალი ამბები |

მერაბიშვილთან ჟურნალისტების სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა

13 ივლისი, 2011 | | 1134
მერაბიშვილთან ჟურნალისტების სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა

“ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა, აქედან ერთი – საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ სასამართლო პროცესი იქნება ღია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი სრულად იქნება ღია. ხოლო რაც შეეხება მეორე მოთხოვნას – დაკავებულების თავდებით გათავისუფლების შესახებ, ამაზე გვითხრეს კატეგორიული უარი” – განაცხადა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თამარ კორძაიამ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა.

შინაგან საქმეთა მინისტრთან  ქართული მედიის წარმომადგენლების შეხვედრა თითქმის სამი საათს გრძელდებოდა და ის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

“მე მქონდა განცდა, რომ ეს სამი საათი არ იყო საჭირო ამისთვის, რადგან რამდენი კითხვაც არ უნდა დაგვესვა, მხოლოდ ერთი და იგივეს გვიმტკიცებდა მინისტრი” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

დაკავებული ფოტორეპორტიორების საკთხთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, საბჭოს წევრი და სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თამარ კორძაია, მედიაექსპერტი ნინო დანელია, ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, მედიაექსპერტი და “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ია ანთაძე და გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში შეხვდნენ.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი, მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი.

შეხვედრიდან გამოსულმა ჟურნალისტური ეტიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ მან მოისმინა მხოლოდ მოსაზრებები შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენია არავითარი მტკიცებულებები, ან დოკუმენტები. “მინისტრმა მხარი დაუჭირა პროკურატურის დღეს გაკეთებულ განცხადებას და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი იქნება ღია”.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა კატეგორიულად არ გაიზიარა მათი მოთხოვნები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტების მეორე მოთხოვნა, რომ მიეცეთ ადვოკატებს საქმესთან არსებული ინფორმაციების მიწოდების უფლება საზოგადოებისთვის, ასევე უარყოფილი იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით მინისტრმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიება მალე დასრულდება.

“უნდა გააქტიურდეს სამოქალაქო სექტორი”, ამბობს  ზვიად ქორიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიაექსპერტი ნინო დანელია ამბობს, რომ მათ საქმის სასამართლომდე გასაჯაროება მოითხოვეს.

“ჩვენ ვუთხარით მინისტრს, რომ როგორც მინიმუმ ადვოკატებს უნდა შეეძლოთ საუბარი, რაზეც ბატონმა მინისტრმა გვითხრა, რომ  მისკომუნიკაცია არისო: ადვოკატებს, როგორც ჩანს, კარგად არ განუმარტეს, რომ მათ შეუძლიათ საქმეზე საუბარი და არ შეუძლიათ მხოლოდ საქმეში არსებულ საიდუმლო დოკუმენტებზე საუბარიო”, – აცხადებს ნინო დანელია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მედია ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მინისტრთან კონფიდენციალურ საუბარზე, მინისტრმა მათ უთხრა, რომ ვეღარ აჩვენებდა მათ ზოგიერთი კონფიდენციალური დოკუმენტის ჩვენებას, რასაც აპირებდა.

“თუმცა, მე ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული ფანდი, რადგან მას რაც ჰქონდა მომზადებული წინასწარ მაგიდაზე ფურცლები, ყველა ფურცელი გვაჩვენა. ეს ფურცლები, როგორც გვითხრა, იყო 2004 წელს ბატონი ზურა ქურციკიძის სატელეფონო საუბარი გრუ–ს ოფიცრებთან, ტელეფონის ნომრები იყო გაშიფრული, მაგრამ შინაარსი არ ვიცით ამ საუბრების. გვითხრეს, ორი ადამიანი არის დაშიფრული აგენტიო”, – ამბობს ნინო დანელია.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუკი 2004 წლის მონაცემებზეა საუბარი, აქამდე რატომ არ მოხდა დაკავება, დანელიას თქმით, მინისტრმა უპასუხა, “ახლა გავიგეთ ამის შესახებო.”

“ჩვენ, ასევე, ვუთხარით იმის თაობაზე, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა ბატონი უტიაშვილის მხრიდან, როდესაც მან რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუში სტაჟიანი აგენტი უწოდა ქურციკიძეს, მინისტრმა ხუმრობით უპასუხა – დამნაშავე ყოფილა უტიაშვილი, რაები ულაპარაკიაო”, – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით პროტესტის გაგრძელება:

“მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ პოლიტიკოსები, მოქალაქეები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არ უნდა დავტოვოთ ეს ადამიანები მარტო”, – აცხადებს ნინო დანელია.

გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, მინისტრთან შეხვდრის დროს ხანდახან იყო ცხარე კამათი.

“ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა არც ერთი. მე არ მესმის რატომ არ შეიძლება ამ ადამიანების თავდებით გაშვება.

მე ვერაფერი გავიგე ახალი ამ შეხვედრიდან. მე მას, მინისტრს ვუთხარი, რომ ვერაფერში დამარწმუნა და ვერც დამარწმუნებს. მან თქვა, რომ დაგვარწმუნებს, როცა სასამართლო გაიმართება. გვაჩვენეს რაღაც ქაღალდები, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ უჩვენებიათ”, – აცხადებს ლაშა ტუღუში.

სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელს, ნინო ზურიაშვილს მიაჩნია, რომ მართალია, შეხვედრა მინისტრთან კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა, მაგრამ “ეს ჩვენი ადვოკატირების გამოვლინებაა, რომ შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაქვეყნა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ საქმის სასამართლო განხილვა გაიხსნება.

მინისტრმა გვითხრა, შეიძლებოდა საქმეზე მეტი დეტალის შესახებ მიგეღოთ ინფორმაცია, უარი რომ არ გეთქვათ Off the record-ზეო, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ შევსულვართ შეხვედრაზე, რომ ექსკლუზიური ინფორმაცია მიგვეღო.

ველოდები სასამართლოს, რომ იქნებ ჩემი თვალით ვიხილო ამ ადამიანების ჯაშუშობის დამდასტურებელი რაიმე სამხილი. მინისტრი დაგვპირდა, რომ სწრაფად ჩატარდება პროცესი და რომ საქმის მხოლოდ 10% იქნება დახურული”, – განაცხადა ნინო ზურიაშვილმა.

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის ია ანთაძის თქმით, შსს კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ გამოუშვან დაკავებული ფოტოგრაფები თავდებით, რადგან “მათი თქმით, ეს ხელს შეუშლის საქმის ბოლომდე მიყვანას.

რაც შეეხება გრიფით საიდუმლოს, გრიფი არ ეხსნება, მაგრამ ერთადერთი, რაც არის მიღწეული არის ის, რომ სწრაფი სასამართლო იქნება, გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო. სასამართლო იქნება ღია, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი იქნება დახურული.

პრაქტიკულად არაფერი შედეგია. არ წარმოუდგენიათ არანაირი დოკუმენტაცია . იყო მხოლოდ თხრობა რაღაცის, რისი დადასტურებაც ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია. მაგრამ თავიდანვე იყო ასეთი შემოთავაზება, ვიყავით თუ არა თანახმა, რომ უფრო მეტზე ესაუბრათ, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ არ გაგვემჟღავნებინა. ჩვენ განვაცხადეთ ამაზე უარი,“ – აცხადებს ია ანთაძე.

ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ არანაირი ახალი მტკიცებულება საქმესთან დაკავშირებით მათთვის არ მოუწოდებიათ.

“აქ იყო დისკუსია ასევე სტატუსთან დაკავშირებით. მინისტრმა თქვა, რომ ეს საქმე თავიდანვე, არ იყო გრიფით საიდუმლო. თუმცა ჩვენ ვუთხარით, რომ იურისტები არ საუბრობენ ღიად და მერე მოხდა რაღაცნაირად კორექტირება, საბოლოო ჯამში, შესაძლოა იურისტებმა უახლოს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახადონ საჯარო.

ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილეთ ოფიციალური ვერსია, ის მასალები, რაც შაბათს ისედაც გამოქვეყნდა. სადაც ძირითადად ზურაბ ქურციკიძის ბრალეულობაზეა ლაპარაკი, და 2004 წლის სატელეფონო საუბრები გრუ–ს ორ წარმომადგენელთან, ისევ ამაზე იყო აპელირება. მეტი დამატებითი მტკიცებულება დღეს ჩვენთვის ცნობილი არ გამხდარა, ყველაფრზე გვეუბნებოდნენ რომ ეს გამოძების პროცესშია, ან საიდუმლოა”,–განაცხადა შორენა შავერდაშვილმა.

ამავე თემაზე:

ნინო ზურიაშვილი შს მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე

მერაბიშვილი ჯერ უცხოური და შემდეგ ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მედიის წარმომადგენლების ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა დაიწყო

ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდება

ბასის თქმით, მეტი ღიაობაა აუცილებელი ფოტოგრაფების საქმეზე

ფოტორეპორტიორების საქმეზე შეხვედრა აშშ–ს საელჩოში გაიმართება

ომბუდსმენი ფოტორეპორტიორების საქმეზე

ფოტოგრაფების საქმეზე ქარტიის საბჭო ევროკავშირის ელჩს შეხვდა

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ფოტოგრაფების საქმეზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოტოგრაფების დაკავების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი