ახალი ამბები

კანდელაკი ქორწინებაზე საკონსტიტუციო ინიციატივას რუსულ პროპაგანდას უწოდებს

18 მარტი, 2016 • 1378
კანდელაკი ქორწინებაზე საკონსტიტუციო ინიციატივას რუსულ პროპაგანდას უწოდებს

“კონსტიტუციაში შესწორების შეტანა, რომლის მიხედვითაც ქორწინება განიმარტება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, არის რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია,” – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას გააკეთა.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი აცხადებს, დღეს ამ საკითხის წამოწევა ემსახურება ყურადღების გადატანას იმ პრობლემებიდან, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

“ის, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა, სამოქალაქო კოდექსში დღეს ისედაც წერია. ამ ნორმის შეცვლას საქართველოს არავინ თხოვს. საერთოდ, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და მისი ხელოვნურად წამოწევა არის, ერთი მხრივ, რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია, თითქოს ვიღაცა თავს გვახვევს რამე სხვას, როცა ეს ასე არ არის. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ემსახურება ყურადღების გადატანას იმ მწვავე პრობლემებიდან, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს კანდელაკმა.

18 მარტს ქუთაისში, პარლამენტის სასახლესთან “იდენტობის” აქცია ლგბტ თემის დემონიზების შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართა.

7 მარტს, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება განიმარტება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა. თუმცა კოალიციაში შემავალმა “რესპუბლიკურმა” პარტიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არ არის.

ამგვარი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით, 2014 წლის 28 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. აღნიშნული ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი