ახალი ამბებისაზოგადოება

რიგიდან თბილისის ზოოპარკს 7 ცხოველს უგზავნიან

18 მარტი, 2016 • 1873
რიგიდან თბილისის ზოოპარკს 7 ცხოველს უგზავნიან

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების პირველ ნაკადს მიიღებს.

რიგის ზოოპარკი თბილისში 7 ცხოველს გზავნის: 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი. თუთიყუშები 19 მარტს თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან, ჩლიქოსნების კონტეინერებით დატვირთული ბორანი ბათუმის პორტში 21 მარტს შემოვა. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა.

თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები თუთიყუშების მონახულებას 19 მარტიდან, ხოლო ჩლიქოსნების ნახვას 22 მარტიდან შეძლებენ.

თბილისის ზოოპარკის ცნობით, რიგის ზოოპარკი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა თბილისის ზოოპარკის კოლექციის ცხოველებით შევსების ინიციატივას. რიგის დუმამ მათი ტრანსპორტირებისთვის 15,000 ევრო გამოყო. კოლექციის შევსების გეგმა თბილისის ზოოპარკში „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

“თბილისის ზოოპარკი “ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის” წევრობის კანდიდატია. EAZA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩვენი დელეგაციის თხოვნას კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. საზოგადოებას ახალი ცხოველების ჩამოყვანას გაზაფხულზე დავპირდით და სიტყვა შევასრულეთ. ახლო მომავალში ზოოპარკს კიდევ ბევრი საინტერესო ცხოველი შეემატება, ასე რომ, ველით დამთვალიერებლებს,” _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან. სრულდება პრიმატების კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვოლიერების მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია ვალაბებისა და ტაპირების ახალი ვოლიერი.

2015 წლის, 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდების შედეგად თბილისის ზოოპარკი დაიტბორა. სტიქიას მხოლოდ 16 ცხოველი გადაურჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი