ნეტგაზეთი | კომერციული მოსყიდვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს კომერციული მოსყიდვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს – Netgazeti

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ააიპ „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს შესთავაზეს სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ცენტრის ბალანსზე არსებული 350 კვ.მეტრის ფართის  შენობის  5-წლიანი იჯარით გადაცემა.

სუს-ის ცნობით, შეთანხმების შემდეგ მოქალაქეს ხელშეკრულება ოფიციალურად გაუფორმეს მხოლოდ 170 კვ.მეტრის  ფართის შესაბამისი საიჯარო თანხის გადახდის პირობით, ხოლო დანარჩენი ფართით ხუთწლიანი ვადით სარგებლობისა და მფარველობის გაწევის  სანაცვლოდ 30 000 ლარი მოსთხოვეს.

გამოძების ინფორმაციით, დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ამავე მოქალაქეს გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 000 ლარი, რა დროსაც ისინი დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com