ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

16 მარტი, 2016 • 1395
პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა:

“გუშინ მე მოვაწერე ხელი ბრძანებას და კონკურსი გამოცხადდა ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე. კანონის შესაბამისად, მეურევეობის კანდიდატობის მსრუველმა კანდიდატებმა განაცხადებები  უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით საქართველოს პარლამენტში,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, თითოეულ პოზიციაზე სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი:

“საკონკურსო კომისიამ უნდა განიხილოს კანდიდატების შემოტანილი დოკუმენტები, შემდგომ უნდა ჩაატაროს გასაუბრება და თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე ცხრაკაციანმა კომისიამ უნდა შემოგვთავაზოს სამი კანდიდატი. ოთხი ვაკანსიიდან ერთი ეკუთვნის საპარლამენტო უმრავლესობას, ერთი- სახალხო დამცველს, ხოლო ორი- უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების არანაკლებ ერთ მეოთხედს.”

კანონის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობის თაობაზე, უსუფაშვილის თქმით, კონსულტაციები გაიარა საპარლამენტო უმრავლესობასთან, უმცირესობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და  სახალხო დამცველთან. უსუფაშვილმა კონსულტაციების გათვალისწინებით პარლამენტს საკონკურსო კომისიის შემდეგი შემადგენლობა შესთავაზა:

“ზაალ ანჯაფარიძე – ევროპის ფონდის სამოქალაქო პროგრამის უფროსი მენეჯერი ; ავთანდილ არაბული – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი; პაატა ვეშაპიძე – ჟურნალისტი; ნათია კაპანაძე – საიას გამგეობის წევრი; მაია კობახიძე – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი; პაატა ნაცვლიშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; არნოლდ სტეფანიანი – საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე; ლელა ხომერიკი – ფსიქოლოგი, ილიას სახელობის  უნივერსიტეტის პროფესორი; თამაზ ჯოლოგუა – ფილოლოგი, პროფესორი, “- განაცხადა უსუფაშვილმა.

კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა 92 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კომისიის  ეს შემადგენლობა.

7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს  ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს მიმდინარე ან მომდევნო კვირაში გამოაცხადებდა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობის საკითხზე კონკურსი ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება. მას შემდეგ, რაც ორი ვაკანტური თანამდებობის შევსება გაჭიანურდა წმინდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ,  ჩიხური სიტუაციის  გამო, მე გადავწყვიტე იმ მომენტს დავლოდებოდი, როცა მოქმედ საბჭოში ის ხალხი გამოვლინდებოდა, ვისაც ვადა აპრილის შუა რიცხვებში გასდის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, თუმცა კანონის თანახმად მას კონკურსი აქამდე უნდა გამოეცხადებინა.

პარლამენტის თავმჯდომარის  განმარტებით, კონკურსს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადებს, რომელთაგან  ორი უმრავლესობის  გარეთ მყოფი პარლამენტარების,  ერთი უმრავლესობის  და ერთი სახალხო დამცველის კვოტა იქნება:

“აპრილის შუა რიცხვებში ორ მოქმედ წევრს გაუვა ვადა, ხოლო ორი ვაკანტური თანამდებობაა. მე კონკურსს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოვაცხადებ.  ოთხივე კანდიდატურა აირჩევა 6 წლის ვადით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს. ეს საბჭოს გადაიყვანს იმ ეტაპზე, როდესაც ორი წლის შემდგომ როტაციები უკვე სრულმასშტაბიანად ჩართული იქნება.”

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს, რომლებიც პარლამენტმა 2014 წელს დაამტკიცა.  საბჭოს წევრობის 2 კანდიდატზე პარლამენტი ვერ შეთანხმდა და ჩააგდო, თუმცა შემდგომ მათზე კონკურსი აღარ გამოცხადდა.

ასევე დაგვიანებულად, 2016 წლის 25 თებერვალს გაიმართა წილისყრა, რომლითაც განისაზღვრა სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადები.  წილისყრის შედეგების მიხედვით სამეურვეო საბჭოს აპრილში  დატოვებენ ალექსანდრე ვახტანგოვი [საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატურა]  და ლელა გაფრინდაშვილი [სახალხო დამცველის კანდიდატურა].

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა, ხოლო სამეურვეო საბჭოს ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

სამეურვეო საბჭოს წევრების დამტკიცების წესის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსს და ნიშნავს შესარჩევ კომისიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი