საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადები წილისყრით განისაზღვრა

25 თებერვალი, 2016 • 1998
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადები წილისყრით განისაზღვრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს, 25 თებერვალს გაიმართა წილისყრა, რომლითაც განისაზღვრა სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადები.

სამეურვეო საბჭოს მიერ 25 თებერვალს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის მიზნით წილისყრის ჩატარების წესი.

ასევე წილისყრის ჩატარებით განისაზღვრა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა.

წილისყრის პროცედურა ჩაატარა სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულმა პირმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარმა იურისტმა ელენე მიხაილოვამ. წილისყრისას დოლურაში 9 ფურცელი ჩააგდეს, საიდანაც 7-ზე გვარები ეწერა, ორი კი ცარიელი იყო.

წილისყრის შედეგები ასეთია:

2 წელი – ალექსანდრე ვახტანგოვი და ლელა გაფრინდაშვილი

4 წელი – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია, მარინა მუსხელიშვილი და გიორგი კოხრეიძე

6 წელი- ქეთევან მსხილაძე და  ნათელა სახოკია

იმ კანდიდატებს, რომლებსაც წილისყრის შედეგად უფლებამოსილების ვადა 2 წლით განესაზღვრათ, უფლებამოსილება აპრილში ამოეწურებათ.

საბჭოს წევრობის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა კი განისაზღვრა 2 და 6 წლის ვადით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“  წევრები აკვირდებოდნენ.

დღევანდელი მდგომარეობით, სამეურვეო საბჭოს 9-ის ნაცვლად 7 წევრი ჰყავს. ორი მეურვე პარლამენტს არ დაუმტკიცებია.

ამ დრომდე საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა, ხოლო სამეურვეო საბჭოს ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

სამეურვეო საბჭოს წევრების დამტკიცების ახალი სისტემის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსს და ნიშნავს შესარჩევ კომისიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. საჯარო განხილვების საფუძველზე კომისია არჩევს და პარლამენტს წარუდგენს კანდიდატებს, რომელთაგან თავის მხრივ კანონმდებლები კანდიდატურების ნომინირებას ახდენენ. საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მიერ ორი წევრი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამი – საპარლამენტო უმრავლესობის, სამი – საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი შემადგენლობის (ოპოზიციის), ხოლო ერთი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად,  საქართველოს პარლამენტმა 2013-2014 წლებში ოთხჯერ უყარა კენჭი მეურვეთა კანდიდატურებს, რის შედეგადაც ყველა მხარის შემოთავაზებული კანდიდატები დაამტკიცა, გარდა ოპოზიციისა. პარლამენტმა  ვერც ერთ შემთხვევაში  მიაღწია კონსენსუსს ოპოზიციის კანდიდატებთან დაკავშირებით.  2014 წლის მაისის კენჭისყრის შემდეგ, როცა პარლამენტმა ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს ახალი კონკურსი 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არ გამოუცხადებია, რაც მაუწყებლის მმართველ რგოლში კანონმდებლობით შემოთავაზებულ ბალანსს და მრავალფეროვან წარმომადგენლობას ვერ უზრუნველყოფს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი